26 იანვარი, 2015

სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 290 წელი შესრულდა

sul7ქართველი მწერლის, მეცნიერისა და პოლიტიკური მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 290 წელი შესრულდა.

მან მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის ვახტანგ VI-ის აღზრდა. ორბელიანი ჭაბუკობიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი და გიორგი XI-ისა და მოგვიანებით ვახტანგ VI-ის ახალი პოლიტიკური ორიენტაციათა ძიების ერთგული თანამდგომი.

როცა ირანის შაჰმა გიორგი XI-ს მეფობა ჩამოართვა, რეპრესირებული ორბელიანი იძულებული გახდა გასცლოდა ქართლს. ერთხანს იმერეთში, შემდეგ სამცხეში იმყოფებოდა. მოგვიანებით, პოლიტიკური მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. ქართლის ახალი გამგებლის ვახტანგ VI-ის დავალებით, ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში.

გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით ორბელიანმა მიიღო კათოლიკური აღმსარებლობა. ირან-ოსმალეთის მუდმივი აგრესიისაგან განაწამებ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს, მათ შორის ორბელიანს სურდათ მოესინჯათ ნიადაგი დასავლეთ ევროპასთან პოლიტიკური კავშირისათვის. ორბელიანი ეწვია საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-ს და რომის პაპს კლიმენტი XI-ს, რათა ეთხოვა ფინანსური დახმარება ირანის ტყვეობიდან ვახტანგ VI-ის გამოსახსნელად. მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში.

სულხან საბა ორბელიანის ორიგინალური თხზულებებისაგან უმნიშვნელოვანესია იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა“. მან ძველ ქართველ მწერალთაგან ერთ-ერთმა პირველმა მიმართა ხალხურ სასაუბრო ენას და ამ მხრივ ნაყოფიერი გავლენა მოახდინა ქართული პროზის შემდგომ განვითარებაზე. ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისი „ქართული ლექსიკონი“ – „სიტყვის კონა“. მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები. ქართული დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი პირველი და უნიკალური ნიმუშია ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“, რომელიც დღიურების ფორმითაა დაწერილი.

როცა ვახტანგ VI-მ რუსეთს დააპირა გადახვეწა, მან მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკებისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში მალე გარდაიცვალა. სულხან საბა ორბელიანი ვსესვიატსკოეში დაკრძალეს.