27 იანვარი, 2015

როლანდ დუმბაძის ნამუშევრები ისტორიის მუზეუში გამოიფინება

roland227 იანვარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში როლანდ დუმბაძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება.

გამოფენის მიზანია, დიდი ხნის შემდეგ ფართო საზოგადოებას წარუდგინოს როლანდ დუმბაძის მიერ, წლების მანძილზე, განსაკუთრებულ ფერწერულ სტილში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები.

როლანდ დუმბაძემ სამხატვრო აკადემიის სამრეწველო გრაფიკის სპეციალობა დაამთავრა. 1978 წლიდან მუშაობდა მხატვარ-გრაფიკოსად საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, თბილისის დიზაინის კვლევით ინსტიტუტში და მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. შექმნა ფორმის დიზაინი საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისათვის.

1990-დან ცხოვრობს და მოღვაწეობს მოსკოვში, სადაც გახსნა საბავშვო სტუდია, მიიღო აქტიური მონაწილეობა ,,არბატის ივერიის” გალერეის შექმნაში, კურირებდა ქართველი მხატვრების გამოფენებს მოსკოვში.

2004 წლიდან დღემდე ავტორმა გამართა გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორისაა, ნიცა, ნიუ-იორკი, ლოს-ანჟელესი, მადრიდი, ვალენსია, ბერლინი და ა.შ. 2009 წელს ავტორი დაბრუნდა საქართველოში და გახსნა მოდის, დიზაინისა და მოდელირების სტუდია, ამავდროულად იყო მიწვეული პედაგოგი სამხატვრო აკადემიაში.

როლანდ დუმბაძის ნამუშევრები თბილისის ისტორიის მუზეუმში 3 თებერვლამდე დარჩება.