9 იანვარი, 2015

ქართული სპექტაკლების წარმატება პეკინის თეატრალურ ოლიმპიადაზე

pekini2პეკინის მეექვსე საერთაშორისო თეატალურ ოლიმპიადაზე პირველად სამმა ქართულმა სპექტაკლმა მიიღო მონაწილეობა.

როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე დამსწრე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მისმა მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა, მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილმა, თითების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბესიკ კუპრეიშვილმა და მიწვეულმა მსახიობებმა აღნიშნეს, სამივე სპექტაკლის ჩვენებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.

პეკინის საერთაშორისო თეატრალური ოლიმპიადა 4 წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საუკეთესო თეატრალური დასი.

2014 წლის 1 ნოებრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, პეკინი რიგით მე-6 თეატრალურ ოლიმპიადას მასპინძლობდა, 22 ქვეყნის 47 სპექტაკლით. მნიშვნელოვანია, რომ ამ წელს საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს სამი ქართული სპექტაკლი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პეკინის საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა სპექტაკლით “მაკბეტი“ (რეჟისორი დავით დოიაშვილი), კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა სპექტაკლით „როგორც გენებოთ“ (რეჟისორი ლევან წულაძე), აგრეთვე თითების თეატრის და მარჯანიშვილის თეატრის ერთობლივმა პროექტმა „ჩემი ჰამლეტი“ (რეჟისორი ბესო კუპრეიშვილი)

აღსანიშნავია, რომ ეს იყო ქართული კულტურის უპრეცედენტო და მაშტაბური წარდგენა საქართველოსთვის ჯერ კიდევ აუთვისებელ ბაზარზე. სამივე ქართულმა სპექტაკლმა ჩინელი და სხვა უცხოელი თეატრალური საზოგადოების, კრიტიკოსების და პროდიუსერების უდიდესი მოწონება დაიმსახურა.