17 იანვარი, 2015

მანანა სურმავა ქეთი დოლიძეს უპირისპირდება

manana2მსახიობი მანანა სურმავა რეჟისორ ქეთი დოლიძეს ღია წერილს უგზავნის და მისი თეატრიდან გაგდების მიზეზის განმარტებას სთხოვს:

“მე უნდა დაგიცვა, ქეთი. შენ ხომ მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არ ყრი ხალხს თეატრიდან. შენ ხომ ზუსტად იცი ის პრიმიტიული და უტყუარი სვლები – როგორ მოსპო მსახიობი. ა) უნდა ჩაურაზო სცენაზე გასასვლელი ყველა კარი, სადაც კი ხელი მიგიწვდება და ბ) არ მისცე ხელფასი. და…!

მე რა ნიშნით გამაგდე? ჩემი პოლიტიკური სიმპათიები ყველასთვის ნათელი იყო, ასე რომ წინა მთავრობის მომხრეობას ვერ დამაბრალებ.

მეგობრებო: ქეთი დოლიძე სხვა ნიშნითაც ყრის მსახიობებს თეატრიდან, მაგალითად, როდესაც იგი მოიხიბლება სხვისი სპექტაკლით.

ხომ ხედავ გიცავ, ქეთი. აბა, ჩემს გარდა სხვა შენი დამცველი ხომ ვერ იტყვის, რომ შენ ის მსახიობი გაიმეტე უსახსრობისთვის, რომელიც მიხეილ თუმანიშვილმა მოიყვანა ამ თეატრში. იმის გახსენებაც გაუჭირდებათ, რომ ამ თეატრის ჩამოყალიბებაში რეჟისორმა კოტე სურმავამ, მანანას მამამ მთელი მშენებლობის სირთულეები იტვირთა – ფაქტიურად ააშენა.

იმ მსახიობს რვა მუსიკოსთან ერთად უჩერებ სპექტაკლს, რომელსაც ჰყავდა მაყურებელი, ქართული იყო. თეატრს მის შექმნაში კაპიკი არ დაუხარჯავს. დაიდგა უმოკლეს დროში და მისი წარმატება თეატრის წარმატება იყო.

ხომ ვერ იტყვით, რომ მანანა ფაქტიურად ფულს იხდიდა იმ სცენაზე დგომაში, რომელიც მამამისმა მიხეილ თუმანიშვილთან ერთად ააშენა. და ის პატარა შემოსავალიც (20–30 ლარი თვეში), რომლითაც შუქის ფულს მაინც ფარავდა, ხელმძღვანელად დანიშვნისთანავე მოუსპე – სპექტაკლი გაუჩერე, თან ჩუმად, უხმოდ და კულტურის სამინისტროს დაშვებული შტატებიდან ხელფასის ღირსი ვერ გახადე იმ ფონზე, როდესაც შენ, ხან კულტურის სამინისტრო, ხან სხვა დაწესებულებები გაძლევენ ვეებერთელა თანხებს და თუ დაგაკლეს, იქაურობას აქცევ.

როგორ ხარ, მანანაო – მიღიმი? ღმერთის წყალობით, შენ როგორ ხარ, შენ, ზურგში ჩარტყმით აღწევ პატარა მიზნებს? გეთქვა მაინც, შენი გემოვნების რა სტანდარდებს ვერ ვაკმაყოფილებდი. ჩემი დასჯით ვის დაუმტკიცე ერთგულება, დიდი–დიდი ერთ–ორ ადამიანს, დაგიფასონ მაინც.. შენთვის რამხელა კომფორტი იყო არა ჩემი დუმილი? მაპატიე, ყველაფერს დასასრული აქვს.

ქვეყანა გიყვარს, არა, ქეთი? ქვეყანა არა, ტოროლა! საკუთარი ამბიციებითა და პატივმოყვარეობის კომპლექსით დატანჯული ადამიანი ხარ.”

მანანა სურმავას ამ ღია წერილს ქეთი დოლიძე გამოეხმაურა:

”ყოჩაღ, მანანა! 2 წელი ელოდი ამ პასკვილის დაწერას???? აქამდე სად იყავი??? დიდი მადლობა იმისთვის, რომ ვერ დააფასე ამ თეატრმა როგორ გაგიღო კარები, მოგეფერა და რაც შეეძლო, გაგიკეთა! რას, იზამ, ახლობლებისგანაც უნდა ელოდე ზურგში დანის ჩარტყმას… რაც შეეხება სიმართლეს, ბილეთებს, საყვარელო, შენს სპექტაკლზე ხშირად თვით თეატრი ყიდულობდა… გაიხარე და წარმატებებს გისურვებ!”