24 იანვარი, 2015

კონსერვატორიაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

eqo1თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დასრულდა კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და ბერლინის ფონოგრამარქივისა ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც გამოიცა კრებული „ექო წარსულიდან: ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში, 1916-1918 წწ.“

26 იანვარს ამ კრებულთან დაკავშირებით კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება პრეზენტაცია-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები ანჩისხატი, ბასიანი, სახიობა, დიდგორი, შავნაბადა და ძირიანი, რომლებიც გააცოცხლებენ ქართველ ტყვეთა ნამღერ ნიმუშებს. სხვებთან ერთად საღამოზე მიწვეულნი არიან ქართველ ტყვეთა შთამომავლები. პრეზენტაციას გაუძღვება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე.

1915-1918 წლებში გერმანიის ტყვეთა ბანაკებში სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისაგან, მათ შორის, ქართველებისაგან, პრუსიის ფონოგრაფიულმა კომისიამ ჩაიწერა ზეპირი მეტყველებისა და ხალხური სიმღერების ნიმუშები.
წიგნი მოგვითხრობს ჩაწერის ისტორიაზე, გვაწვდის საარქივო დოკუმენტებიდან ამოკრეფილ ინფორმაციას ქართველ მომღერლებზე, კომენტარებს სიმღერებზე და მათი ტექსტებს შინაარსს. კრებულს თან ახლავს ორი კომპაქტ-დისკი, რომელშიც შესულია ბერლინის ფონოგრამ-არქივში დაცული ქართველი ტყვეების 90 სიმღერიდან 65 აუდიონიმუში და წერილობითი დოკუმენტები.

პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბერლინის ფონოგრამარქივის ფინანსური მხარდაჭერით.