12 იანვარი, 2015

“ჯერ შექმენი კუნძული, მერე გადაიღე ფილმი”

ovashvili2უცხოელმა ჟურნალისტმა ლარი როტერმა ქართველ რეჟისორთან გიორგი ოვაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც რეჟისორს ოსკარამდე განვლილ გზაზე ესაუბრა.

ინტერვიუს თარგმანი ეროვნულმა კინოცენტრმა გაავრცელა, რომელსაც “არტინფო” უცვლელად გთავაზობთ:

“სიმინდის კუნძულის“ სცენარის თანაავტორი და რეჟისორი, ქართველი კინემატოგრაფისტი გიორგი ოვაშვილი ამბობს, რომ ამ ბოლო დროს სიზმარში ჰგონია თავი. 13 წლის ასაკში უკვე იცოდა, რომ რეჟისორი გამოვიდოდა, მაგრამ 45 წლის იყო, როდესაც პირველი მხატვრული ფილმი „გაღმა ნაპირი“ გადაიღო, რადგან მანამდე მის ქვეყანაში პოლიტიკური არეულობა იყო და მას დიდი ხნის მანძილზე უწევდა არსებობისთვის ბრძოლა და თავგანწირვა.

„სიმინდის კუნძული“ ოსკარის ნომინაციაზე შერჩეულ ცხრა უცხოენოვან ფილმს შორის მოხვდა. ბატონი ოვაშვილი, რომელიც ამჟამად 51 წლისაა, უკვე შეამჩნიეს უჩვეულო თხრობის მანერის გამო. “სიმინდის კუნძულში” მოხუცი კაცი და მისი შვილიშვილი ებრძვიან ბუნების ძალებს და ადამიანურ ძალმომრეობას, რომ მოიყვანონ მოსავალი და ასე ირჩინონ თავი. ფილმის ხანგრძლივობა 100 წუთია, მაგრამ მასში 100 სიტყვასაც ვერ გაიგონებთ.

კავკასიონის მთებიდან შავი ზღვისკენ მდინარე ენგური მიედინება. ყოველ გაზაფხულს მდინარის მიერ მოტანილი ქვიშა კუნძულს ქმნის, რომელიც შემოდგომაზე წყლის ადიდების გამო იშლება. “სიმინდის კუნძულის” უსახელო გმირი – მოხუცი გლეხი- სიმინდს თესავს ამ კუნძულზე, მაგრამ მდინარეში მოცურავე კატერები და სროლის და აფეთქებების ხმა გვახსენებს, რომ ირგვლივ ომია გაჩაღებული.

“კინოსკოლაში 1991-1996 წლებში ვსწავლობდი. ეს საშინელი პერიოდი იყო საქართველოსთვის” ამბობს გიორგი ოვაშვილი. “მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, ეთნოკონფლიქტი, ქვეყანა სრული ქაოსით იყო მოცული.” როდესაც მან კინოსკოლა დაამთავრა, ფილმების გადაღება სრულიად შეუძლებელი იყო. “ამ წლებში სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება მოვახერხე ჩემი სახსრებით: გავყიდე ბეჭდები, ავტომობილი და ყველაფერი რისი გაყიდვაც შეიძლებოდა.”

გიორგი ოვაშვილი პალმ სპრინგსიდან გვესაუბრა, სადაც მისი ფილმი ნაჩვენები იყო ფესტივალზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ოსკარზე წარდგენილი უცხოენოვანი ფილმებისთვის. მან ისაუბრა ოსკარზე წარდგენის მნიშვნელობასა და მისი ფილმის გადაღებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. გთავაზობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუდან:

– თავიდანვე ჩაფიქრებული გქონდათ ისეთი ფილმის გადაღება, სადაც დიალოგები თითქმის არ იქნებოდა?

– ჩემს თანაავტორთან ერთად სცენარის წერა 2008 წელს დავიწყე, მაგრამ 2009 წელს იგი სამწუხაროდ გარდაიცვალა, ასე რომ ვერ დავასრულეთ სცენარი. პირველ ვარიანტში მეტი დიალოგები იყო. მოგვიანებით, როდესაც წერა მარტომ განვაგრძე, ვიგრძენი, რომ ფილმის პერსონაჟებს არ სჭირდებოდათ ბევრი ლაპარაკი, რადგან ერთმანეთს უსიტყვოდ უგებდნენ. მათ საკუთარი საკომუნიკაციო ენა აქვთ: მზერა, ჟესტიკულაცია.
მეორე მხრივ, ფილმის მთავარი პერსონაჟი ასევე არის ბუნება, რომელსაც საკუთარი ენა აქვს: მდინარის, ქარის, ჩიტების. ამიტომაც პერსონაჟები მხოლოდ იმას ამბობენ, რაც აუცილებელია. დიალოგის ყოველი სიტყვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადმოცემას ემსახურება.

– დაფინანსების მოპოვების პროცესში თუ იგრძენით სკეპტიკური დამოკიდებულება თქვენი ფილმის მიმართ?

– სცენარი წაიკითხეს ჩემმა მეგობრებმა, პროდიუსერმა, კოპროდიუსერებმა, ეროვნულმა კინოცენტრმა, რომელმაც გარკვეული თანხა გამოგვიყო. ყველას მოეწონა სიუჟეტი, მაგრამ როდესაც ფილმის წარმოება დაიწყო, მათ აღნიშნეს: “გვეგონა ფილმის გადაღება ადვილი იქნებოდა, აქ ხომ ერთი ლოკაცია და ორი პერსონაჟია. მაგრამ როგორ უნდა ავაგოთ კუნძული?” ასე რომ დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. ყველაფერი ჩვენით გავაკეთეთ. ავაგეთ კუნძული და ოთხჯერ დავთესეთ ყანა. ეს ძალიან რთული იყო.

– რა უდევს საფუძვლად ამ ისტორიას? თავად სოფლელი ფერმერების ოჯახიდან ხართ?

– მე თბილისის ახლომდებარე სოფელში გავიზარდე და იქ ვცხოვრობდი 16 წლამდე. მერე სასწავლებლად თბილისში ჩამოვედი და დავრჩი. მაგრამ ჩემი კავშირი სოფელთან ძალიან ძლიერია. მიყვარს მიწაზე მუშაობა. მამაჩემს ფერმა არ ჰქონია, მაგრამ ბაღი და ვენახი ჰქონდა, მეც ბავშვობიდან ვეხმარებოდი.

– და ომის გარემოც თავდაპირველი კონცეფციის ნაწილი იყო?

– ფილმის ისტორია მდინარე ენგურის ნაპირებზე ვითარდება. ეს მდინარე გეოგრაფიული საზღვარია, კონფლიქტის ხაზი. მის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს აფხაზეთი, რომელიც გამოყოფილია დანარჩენი საქართველოსგან. ამ რეგიონთან ძლიერი ემოციური კავშირი მაქვს, რადგან აქ ვატარებდი ზაფხულის არდადეგებს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. აფხაზეთი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო რეგიონია, სამოთხესავით მშვენიერი. 90-იანი წლების დასაწყისში ეთნიკურმა კონფლიქტმა იჩინა თავი. მას შემდეგ ქართველები ვეღარ ჩადიან აფხაზეთში. დღემდე ძალიან მტკივნეულად განვიცდით ამ ტერიტორიის დაკარგვას. ახლა მას რუსეთი აკონტროლებს.
მაგრამ “სიმინდის კუნძულში” კონფლიქტი განზოგადებულია. ერთ მხარეს დგას მოხუცი, რომელიც თავის რჩენისთვის ბუნების ძალებს ებრძვის, მეორე მხარეს კი დგანან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ხოცავენ მიწის გამო. მინდოდა ამ ორი იდეის შეპირისპირება და გარკვეული კითხვების დასმა: რისთვის ვცოცხლობთ ამ ქვეყანაზე? რა არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი?

– ფილმში ომი არ ჩანს, მისი ხმა ისმის მხოლოდ.

– ჩემთვის მთავარი იყო პერსონაჟებზე და მათ შინაგან სამყაროზე აქცენტის გაკეთება. ომის შესახებ ამბის მოყოლა არ იყო ჩემი მიზანი. ომი ფონად გასდევს ფილმს, ანუ ერთ-ერთი ელემენტია, რომელიც იჭრება მთავარი გმირების ცხოვრებაში და ცდილობს დაარღვიოს კავშირი ადამიანსა და ბუნებას შორის. ამ შემთხვევაში ომი მთავარი ელემენტი არ არის. ჩემს პირველ ფილმშიც, რომელიც ომის თემას ეხება, არ ისმის სროლა და არ არის საბრძოლო სცენები.

– რა რეაქცია მოჰყვა თქვენს სამშობლოში ამ ფილმის ოსკარისთვის შერჩევას?

– ყველას გაუხარდა, დიდი ზარზეიმით შეხვდნენ ამ ამბავს. პირადად მე შოკირებული ვიყავი, არ მჯეროდა, რაღაც შეცდომა მეგონა. მედიაც გამოეხმაურა ამ ამბავს. მე ვამბობდი „ხალხო, დამშვიდდით.”

– რატომ გაგიკვირდათ ეს ამბავი?

– იმიტომ რომ წელს უამრავი ძლიერი ფილმი იყო შესარჩევ კონკურსში წარმოდგენილი. ბევრი მათგანი ძალიან მომეწონა და დარწმუნებული ვიყავი, რომ მოხვდებოდა ნომინაციაში. მაგალითად “ზამთრის ძილი,” რომელიც, ჩემი აზრით, უძლიერესი ფილმია. მაგრამ ის ვერ მოხვდა შერჩეულ ცხრა ფილმს შორის. ჩემი ფილმის შერჩევა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა პატარაა და ჩვენი კინოინდუსტრიაც არ არის მძლავრი.

– რას მოელით წლევანდელი ოსკარისაგან?

– როგორც გითხარით, მაშინაც კი გავოცდი, როცა ჩემი ფილმი შერჩეულ ცხრა ნამუშევარს შორის მოხვდა. მეტს რაღაც უნდა მოველოდე.
დენიზ სინელოვი”