15 იანვარი, 2015

ამერიკაში რეი ბრედბერის სახლი დაანგრიეს

rei2Los Angeles Times-ის ცნობით, კალიფორნიაში ცნობილი მწერლის რეი ბრედბერის სახლი დაანგრიეს, რომელშიც ის 50 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა.

ეს გადაწყვეტილება სახლის ახალმა მფლობელმა მიიღო, რომელმაც მწერლის სახლი აუქციონზე 1.7 მილიონ დოლარად იყიდა. კალიფორნიის ხელმძღვანელობას დიდხანს არ უფიქრია სახლის ახალი მფლობელის მოთხოვნაზე და საკმაოდ მარტივად მისცა მას შენობის დანგრევის უფლება.

მწერლის ახლობლების თქმით, რეი საკმაოდ ორიგინალური ადამიანი იყო და სახლში საკმაოდ საინტერესო ნივთებიც ჰქონდა, რომლებიც ახლა რეის შემოქმედების ცენტრში იმყოფება.

მეცნიერული ფანტასტიკის ოსტატი რეი ბრედბერი 2012 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობა კლასიკად არის აღიარებული, მის ნაწარმოებებს მსოფლიო აქტიურად კითხულობს, ხოლო რეჟისორები ფილმებს იღებენ. მისი შემოქმედებიდან ყველაზე პოპულარულია რომანები “მარსის ქრონიკები” და “451º ფარენჰეიტით.”