27 იანვარი, 2015

27 იანვარს მოცარტის დაბადების დღეა

mozart227 იანვარს ავსტრიელი კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი დაიბადა. ინსტრუმეტალისტის, დირიჟორისა და ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენლის ნაწარმოებები უმნიშვნელოვანესია მუსიკალური სამყაროსთვის და შედის ყოველი მუსიკოს-შემსრულებლის რეპერტუარში.

მისი მამა ლეოპოლდ მოცარტი ასევე კომპოზიტორი იყო, ამიტომაც პირველი გაკვეთილები ვიოლინოს, ფორტეპიანოს და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით, ოთხი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა. ხუთი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა. ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე. მოგვიანებით მოცარტი თავის დასთან ერთად მართავდა კონცერტებს.

კომპოზიტორის მამამ გადაწყვიტა მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან მთელი ოჯახით დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ისინი გაემგზავრნენ დასავლეთ ევროპაში ძირითადად კი იტალიაში, იქ მოცარტი გახდა საქვეყნოდ ცნობილი გენიოსი. მოგზაურობის დროს შეიქმნა პირველი სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის და ასევე პირველი სიმფონია. იგი ლონდონში გაეცნო იტალიურ ოპერას და სიმფონიას.

ზალცბურგში დაბრუნების შემდეგ, მოცარტმა სხვა კარის მუსიკოსებთან ერთად შექმნა პირველი ოპერა. მისმა ოპერებმა იტალიაში დიდი მოწონება და აღიარება დაიმსახურა. ის კარის ორგანისტადაც დაინიშნა, თუმცა მისმა კონფლიქტმა არქიეპისკოპოსთან პიკს მიაღწია. შეუძლებელი გახდა მოცარტის ზალცბურგში გაჩერება და იგი ვენაში გადავიდა, სადაც შექმნა თავისი უმნიშვნელოვანესი ოპერები. მის ოპერებს, რომლებიც ვენაში დაიდგა, წარმატება არ მოჰყოლია. წარმატება მის ოპერებს პრაღაში მოჰყვა.

კომპოზიტორი კონსტანცა ვებერზე დაქორწინდა, რომელიც მან მანჰაიმში ყოფნის დროს გაიცნო. ექვსი შვილისგან, რომელიც მათ გაუჩნდათ გადარჩა მხოლოდ ორი, კარლ ტომასი და ფრანც ქსავერ ვოლფგანგი.

„ჯადოსანური ფლეიტის“ პრემიერიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, იგი ლოგინად ჩავარდა და გარდაიცვალა. იგი ამ დროს 35 წლის იყო. მისი სიკვდილის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ციებ-ცხელება იყო პირველი დიაგნოზი, რომელიც მიცვალებულის პირველი შემოწმების შემდეგ დადგინდა. არ გამოირიცხება სიფილისი, რევმატიზმი და ინფარქტიც. ლეგენდის დონეზეა აგრეთვე ვერსია, რომ იგი მისმა თანამედროვე კოლეგამ, კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ მოწამლა და მოკლა.

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი მოცარტი ვენაში წმიდა მარქსერის სასაფლაოზე დაკრძალეს.