14 იანვარი, 2015

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა

20წელს ქართული თეატრის დღე 165-ედ აღინიშნება. „ქართული თეატრის დღეს” საფუძველი ჩაეყარა 1850 წლის 14 იანვარს, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.

როგორც თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე აცხადებს, „1850 წლის 14 იანვარს გიორგი ერისთავმა ქართველი არისტოკრატიის მხარდაჭერით, მეფისნაცვალ ვორონცოვის ხელშეწყობით, გიმნაზიის, დღეს პირველი სკოლის შენობაში, დადგა პირველი სპექტაკლი „გაყრა“. იგი თავად იყო, პიესის ავტორი, რეჟისორი და სომეხი ვაჭრის როლსაც ასრულებდა.“

თეატრალურ დასს მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა. მეფის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების შეფერხებისთვის ყველა ღონეს ხმარობდნენ. თეატრს წაართვეს შენობა, მის რეპერტუარზე უმკაცრესი ცენზურა იყო დაწესებული. ამ მიზეზთა შედეგად 1856 წელს ერისთავის თეატრალური დასი დაიშალა და 70-იანი წლების ბოლომდე ქართველ დრამატურგთა პიესების დადგმები მხოლოდ მოყვარული თეატრალების მიერ ხორციელდებოდა.

ქართული სასცენო ხელოვნების ახალი პერიოდი 1879 წელს დაიწყო, როდესაც თბილისში მოწინავე საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია. 1881 წლის 18 იანვარს დაფუძნდა დრამატული საზოგადოება, რომელსაც შემდგომში თეატრალური საზოგადოებაეწოდა. ამ საზოგადოების წევრთა პირველ ყრილობაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ილია ჭავჭავაძე, თავმჯდომარის მოადგილედ აკაკი წერეთელი.

1945 წლის 9 აგვისტოს საქრთველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა “საქართველოს თეატრალური საზოგადოება”. იმავე წლის 17 დეკემბერს რუსთაველის თეატრში მოწვეული იქნა საზოგადოების დამფუძნებელი ყრილობა, თავმჯდომარედ არჩეულ იქნა აკაკი ხორავა, ხოლო მოადგილედ შალვა დადიანი. სხვადასხვა დროს “საქართველოს თეატრალური საზოგადოების” თავმჯდომარეები იყვნენ აკაკი ხორავა, შალვა დადიანი, მიხეილ მრევლიშვილი, დოდო ანთაძე, დოდო ალექსიძე, გიგა ლორთქიფანიძე. 2010 წლიდან თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარეა გოგი ქავთარაძე.