9 დეკემბერი, 2014

უნიკალური ექსპონატები სამხატვრო აკადემიაშია

samx23410 დეკემბერს სამხატვრო აკადემია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში გამართავს ერთობლივ გამოფენას “არუხლოდან ბოლნისის სიონამდე”.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ეპოქის ასამდე ექსპონატი, რომლებიც საკმაოდ თვალნათლივ გადმოგვცემენ ქვემო ქართლის ერთი კონკრეტული რაიონის ისტორიას, ახალი ქვის ხანიდან ვიდრე განვითარებულ შუასაუკუნეებამდე.

ექსპოზიცია ორი სეგმენტისაგან შედგება არქეოლოგიური და არქიტექტურული. პირველ ნაწილში ექსპონირებული იქნება სხვადასხვა წლებში საველე-არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი და შემთხვევით მონაპოვარი ნივთები, რომელთა ქრონოლოგიური დიაპაზონი მოიცავს შვიდ ათასწლეულს ძვ. წ. VI-დან – ახ. წ. I ათასწლეულის შუახანებამდე.

მეორე ნაწილში გამოფენილი იქნება საბარათიანო-საორბელიანოს ტერიტორიაზე არსებული ან დღეისათვის იავარქმნილი ქართული ქრისტიანული საკულტო თუ საერო ხუროთმოძღვრული კომპლექსების ცალკეული არქიტექტურული ელემენტები, ეპიგრაფიკული ძეგლები და ა.შ.

პროექტი წარმოადგენს მრავალწლიანი პროგრამის “საქართველოს სამუზეუმო კოლექციების გამოფენები თბილისის სამხატვრო აკადემიაში” ორგანულ ნაწილსა და გაგრძელებას. პროგრამისა, რომლის ეტაპობრივი განხორციელების შემთხვევაში სამხატვრო აკადემიის პერსონალსა და სტუდენტებს, თბილისელებსა და სტუმრებს, საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს რეგიონალურ მუზეუმებში დავანებულ და ფართო საზოგადოებისათვის ხშირად თვალს მიფარებულ, თუმცა, მრავალმხრივ საყურადღებო უძველესი, ძველი თუ თანამედროვე ხელოვნების არაერთ ნიმუშს.