12 დეკემბერი, 2014

თენგიზ აბულაძის იუბილეს ხელოვნების სასახლე აღნიშნავს

teng116 დეკემბერს საქართველოს ხელოვნების სასახლეში თენგიზ აბულაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პირველი გრანდიოზული გამოფენა “ნატვრის ხე” მოეწყობა. გამოფენა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.

ღონისძიებაზე საჯაროდ გამოიფინება რეჟისორის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი უნიკალური მასალა, როგორც მუზეუმის, ასევე ოჯახის პირადი არქივიდან.

მართალია თენგიზ აბულაძის იუბილე იანვარში იყო, თუმცა ხელოვნების სასახლის მესვეურებმა გადაწყვიტეს, ეს თარიღი უყურადღებოდ არ დატოვონ. რეჟისორის იუბილე უკვე აღინიშნა ბათუმში გამართულ საერთაშორისო კინოფესტვიალზეც. ბიაფის ფარგლებში მისმა ორგანიზატორებმა თენგიზ აბულაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპეციალური ღონისძიება მოაწყეს და მასზე ფილმის “მონანიება” შემოქმედებითი ჯგუფი დაპატიჟეს. ფილმში მთავარი როლის ვარლამ არავიძის შემსრულებელს ავთო მახარაძეს კი სპეციალური პრიზი გადასცეს.

2014 წელი თენგიზ აბულაძის შემოქმედებასა და ცხოვრებაში გამორჩეულია. წელს მისი დაბადებიდან 90 და მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმის “მონანიების” გადაღებიდან 30 წელი შესრულდა.

ხელოვნების სასახლე ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს 16 დეკემბერს გააერთიანებს და დამთვალიერებელს თენგიზ აბულაძის ჯადოსნურ კინოსამყაროში ამოგზაურებს.