24 დეკემბერი, 2014

თბილისი მოლში წიგნის საახალწლო ფესტივალი ჩატარდება

c225-28 დეკემბერს თბილისი მოლის ტერიტორიაზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია წლის ბოლოსთვის წიგნის საახალწლო ფესტივალს გამართავს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი გამომცემელი, წიგნის გამავრცელებელი და სხვა პარტნიორი ორგანიზაცია.

ღონისძიების ოფიციალური გახსნა გაიმართება 25 დეკემბერს “თბილისი მოლის” მთავარ სცენაზე. ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეები ყველა ასაკის მკითხველს მხატვრულ, საბავშვო, სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურაზე მნიშვნელოვან საახალწლო ფასდაკლებებს და სხვადასხვა სასაჩუქრე პაკეტებს შესთავაზებენ.

თბილისი მოლის ტერიტორიაზე, ფესტივალის დღეებში, ახალი წიგნების პრეზენტაციები მოეწყობა, სადაც კითხვის მოყვარულებს ავტორებთან შეხვედრის და დიალოგის საშუალება ექნებათ. პატარა ასაკის მკითხველებისთვის კი, დაგეგმილია გასართობი ღონისძიებები და სხვა სიურპრიზები.

წიგნის საახალწლო ფესტივალის მთავარი სიახლე მისი მასშტაბურობაა. ფესტივალის მიმდინარეობისას არამხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობას საშუალება ექნება საფესტივალო ფასდაკლებით ისარგებლოს ღონისძიების პარტნიორ წიგნის მაღაზიებსა და მათ რეგიონულ ფილიალებში, მათ შორისაა „ბიბლუსი“, „ლიბრა“, „პროსპერო“, „წიგნები ვაკეში“ და „წიგნები ბათუმში“.

წიგნის საახალწლო ფესტივალის მიზანი საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებაა.