თამარ გვერდწითელი დავით ოქიტაშვილს უჩივის

tamar6მომღერალი თამარ გვერდწითელი დავით ოქიტაშვილს ღირსების შელახვისათვის სასამართლოში უჩივის. როგორც თამარ გვერდწითელის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, იგი აღშფოთებული და შეურაცხყოფილია დათო ოქიტაშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო:

“არ ვაპირებ თავი ვიმართლო იმის გამო, რომ ვმოღვაწეობ რუსეთში და ჩემს რეპერტუარში არის ხსენებული სიმღერა რუსეთზე, დუეტი სოსო პავლიაშვილთან ერთად, რომელიც ჩაწერილია 2005 წელს და არა ახლა, როგორც ამას ბატონი ოქიტაშვილი, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად ავრცელებს. იუთუბზე ატვირთული კლიპის შესახებ არაფერი ვიცი. უახლოეს დღეებში ჩამოვდივარ თბილისში და აუცილებლად ვუჩივლებ ოქიტაშვილს ჩემი ღირსების შელახვისათვის.

შევახსენებ მასაც და სხვებსაც, თუკი ვინმე მასავით ფიქრობს, რომ მთელი ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე არ ყოფილა არც ერთი კონცერტი არც რუსეთში და არც მსოფლიოს ნებისმიერ სცენაზე, სადაც მე არ შემისრულებია ის სიმღერები, რომლებსაც სწორედ ჩემს ქვეყანას, ჩვენს გმირებს და მათ ხსოვნას ვუძღვნი, მოყოლებული 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, დღემდე და როდესაც ოქიტაშვილი აცხადებს, რომ თურმე პავლიაშვილთან დუეტით “დაღუპული ბიჭების საფლავებს გადავუარე”, შევახსენებ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მე რუსეთის სცენაზეც “ჰერიო, ბიჭებოს”, “მრავალჟამიერს” და “საქართველოს” ვმღერი და არაფრის მეშინია, იმიტომ რომ პირნათელი ვარ ჩემი ქვეყნის, ჩემი მაყურებლის და ჩემი ერის წინაშე.

რატომღაც 2011-2013 წლებში, როცა არაერთი პროექტი გავაკეთეთ ერთად, ჩემს “მოღალატეობას” არ შეუშლია ხელი მისთვის ჩემთან ერთად გაეზიარებინა წარმატება თბილისში, ბათუმში, ბაქოში. 2008 წლის ომს არც იმაში შეუშლია მისთვის ხელი, რუსი მომღერლები ჩამოეყვანა თბილისში და ხალხთა შორის მეგობრობაზე ელაპარაკა მაღალფარდოვნად. ჩემს კონცერტებს საქართველოში რაც შეეხება, ნამდვილად არაა მისი გადასაწყვეტი, ჩემს ბიოგრაფიაში კი შავ ლაქად დარჩება მასთან ურთიერთობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ შოკირებული ვარ მისი განცხადებებით და აუცილებლად მოვთხოვ პასუხს შეურაცხყოფისთვის.”

თავის მხრივ, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი აცხადებს, რომ მას რომ სცოდნოდა თამარ გვერდწითელი პუტინს და რუსეთს აღმერთებდა, ვარსკვლავს არ გაუხსნიდა.