18 დეკემბერი, 2014

სტივ უანდერი მამა გახდა

st1ამერიკელი მომღერალი სტივ უანდერი მამა გახდა. გასაკვირი ალბათ ამაში არაფერია, რომ არა ის ფაქტი, რომ მომღერალი 64 წლისაა და მამა უკვე მეცხრედ გახდა.

ინფორმაცია ამის შესახებ თავად სტივ უანდერმა გაავრცელა. მომღერალს გოგონა გაუჩნდა და მას ნია დაარქვეს. ის მეორე საერთო შვილია მომღერლისა და მისი ამჟამინდელი მეუღლის ტომიკი რობინ ბრეისისთვის.

ბავშვის დაბადებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი და მისი მეუღლე ტყუპებს ელოდებოდნენ, თუმცა სტივ უანდერმა უცხოურ გამოცემებს თავად განუმარტა, რომ ისინი ერთი პატარა გოგონას მშობლები გახდებოდნენ:

“ბევრი გვეკითხებოდა, რამდენ შვილს ელოდებით, 22-ს? ამაზე ყოველთვის მეცინებოდა. ყველას ეგონა, რომ ტყუპები გაგვიჩნდებოდა, მაგრამ ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ დეკემბერში პატარა გოგონა გაგვიჩნდებოდა და მას ნიას დავარქმევდით. სხვათა შორის, სახელი ნია მისთვის შემთხვევით არ შეგვირჩევია. ნია მთლიანობას, ერთიანობას ნიშნავს და ის ჩვენ ისედაც მთლიან ოჯახს კიდევ უფრო გააერთიანებს.”

სტივ უანდერი მანამდე დაქორწინებული ორჯერ იყო. მისი მეუღლეები იყვნენ სირიტ რაიტი და კარენ “კაი” მილარდ მორისი. წინა ქორწინებებიდან და ასევე ქორწინების გარეშეც მას 7 შვილი ჰყავს და ყველა უკვე საკმაოდ დიდია. მერვე და მეცხრე შვილები მომღერალს თავის ამჟამინდელ მეუღლესთან ტომიკი რობინ ბრეისისთან ჰყავს.