21 დეკემბერი, 2014

სოფო კილასონია: “ნუ იწუწუნებთ!”

sopia1ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია ქართული საზოგადოების დამოკიდებულებით გაოცებულია და სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ არც კი იცის ვინ უფრო აოცებს:

“არ ვიცი ვინ უფრო მაოცებს. მწერლები, მხატვრები და თეატრალები, რომლებიც ჩუმად არიან და ერთი რიგიანი წერილი ვერ მიუწერიათ კულტურის სამინისტროსთვის და აქციებზე მოსვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, თუ უფრო მეტად მაოცებენ მომღერლები, რომლებიც ვიშვიშებენ და ხმაურობენ საახალწლო კონცერტებთან დაკავშირებით და ფონოგრამაზე, ან მის გარეშე მღერის პრობლემას ღრმაფილოსოფიურ (რამდენადაც შეუძლიათ) კონტექსტში განიხილავენ? არაფერი ისეთი უხერხული არ არის, როგორც იმ ადამიანების არაადეკვატურობა, რომლებსაც აქვთ პრეტენზია მათ უსმენდნენ, კითხულობდნენ, უყურებდნენ და აფასებდნენ. ამ დროს კი სრულიად გათიშეულები არიან საზოგადოებისგან, პრობლემებისგან, ძალიან მნიშვნელოვანისგან. მგონი ვერ ხვდებიან, რომ საყდრისის აფეთქება, პირველ რიგში, კულტურის გაუფასურებას ნიშნავს, თუ საყდრისს არ აქვს ფასი, თუ მეცნიერების დასკვნებს არ აქვს ფასი, თუ ადამიანების ჯანმრთელ განვითარებას არ აქვს ფასი, მით უფრო გაუფასურებულია მათი სპექტაკლები, წიგნები, წერილები და სიმღერები. მაპატიეთ, მაგრამ ზურგსუკან საუბარი არ შემიძლია. მეცინება თქვენს შიშსა და უგრძნობლობაზე. მეცინება თქვენს სნობიზმსა და კაფეებში ჯდომაზე. მერე ნუ იწუწუნებთ, როცა დარბაზში უკულტურო მაყურებელი დაგხვდებათ, ნურც იმაზე იწუწუნებთ, რომ მკითხველი არ გყავთ. თქვენ არაფერს აკეთებთ საზოგადოებისთვის და რატომ გგონიათ, რომ უკეთეს საზოგადოებაში ცხოვრებას და მუშაობას იმსახურებთ? არა, არ იმსახურებთ! არც ფესტივალების დაფინანსებას იმსახურებთ. არც ჰონორარებს. პატივისცემით, თქვენი სოფო.”