26 დეკემბერი, 2014

შეაჩერე საყდრისის ნგრევა!

sa329 დეკემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება სახელწოდებით “შეაჩერე საყდრისის ნგრევა – კულტურის, გარემოსა და სოციალური სამართლიანობის დაცვისათვის. აქცია თსუ-დან დაიწყება და რუსთაველის გამზირის გავლით მთავრობის კანცელარიასთან დასრულდება.

“მოძრაობა “მწვანე მუშტი” მოუწოდებს საზოგადოებას ჩაერთოს ბრძოლაში საყდრისის, ადგილობრივი მოსახლეობისა და საკუთარი უფლებებისათვის! ჩვენი მოძრაობა არ განიხილავს საყდრისის არქეოლოგიურ ოქროს მაღაროს მხოლოდ ძეგლთა დაცვითი თვალსაზრისით, რადგან პრობლემა კომპლექსურია და მოიცავს, როგორც ეკოლოგიურ და ეკონომიკურ, ასევე სოციალურ ასპექტებს. თუ ბუნებრივი რესურსების ათვისება მოხდება ამ ფაქტორების გათვალისწინებით და დემოკრატიულ მართვაში გადავა საწარმო, შესაძლებელი გახდება საწარმოს ფუნქციონირება ისე, რომ ის ჰარმონიაში მოვიდეს, როგორც ბუნებრივ ასევე კულტურლ გარემოსთან. დღეს ნათლად იკვეთება, რომ არემჯი გოლდი მანიპულიერებს მუშათა მძიმე სოციალური მდგომარეობით და მათ იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის. მუშებიც იძულებულები არიან, დაყვნენ კომპანიის ნებას, რადგან სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, მათ აღარ რჩებათ არავითარი შემოსავლის წყარო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მუშათა დიდი ნაწილი არ იზიარებს და არ იზიარებდა კომპანიის მტაცებლური პოლიტიკის მიმართულებას, რაც 2014 წლის თებერვალ-მარტის გაფიცვამაც დაადასტურა. ამიტომ მოვითხოვთ: შეჩერდეს საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე კომპანიის მიერ ბურღვა-აფეთებითი სამუშაოები! დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საყდრის-ყაჩაღიანის სამთო-არქეოლოგიურ ოქროს მაღაროს, კანონდარღვევით მოხსნილი კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი. პასუხი აგოს ყველა დამნაშავე პირმა, როგორც კომპანიის ასევე სამინისტროს მხრიდან (გარემოს დაბიძნურების, უკანონო მშენებლობების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის დარღვევისათვის). გადადგეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე. მოხდეს საწარმოს ნაციონალიზაცია, როგორც რესურსების მომპოვებელი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის! ასევე მოვითხოვთ: კანონმდებლობაში შრომის უსაფრთხოების პირობების მკაფიოდ განსაზღვრა. დამსაქმებლისგან დამოუკიდებელი შრომის ინსპექციისა და სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის შექმნას. მოხდეს ადგილობრივთა ჯანმრთელობა მდგომარეობის შესწავლა. სოფლის მეურნეობის სფეროში გლეხებისთვის სასოფლო სამეურნეო სავარგულების მკაცრი დაცვითი მექანიზმების შემოღება და კომპანიის მიერმიყენებული ზარალის ანაზღაურება. გარემოსდაცვის მიმართულებით მოვითხოვთ: სანებართვო პირობების გაღრმავება და მკაცრი კონტროლს. დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევის წესის გამკაცრებას. ეკოლოგიური ექსპერტიზის წარმოების პროცესში. გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოების ჩართულობას. ლიცენზიის მფლობელის მიერ მისი სხვა პირზე გადაცემა დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის ხელახლა შექმნას. ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჩართვას.,” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია აცხადებს, რომ საყდრისი აერთიანებს კულტურას და ავლენს კულტურის არასწორ პოლიტიკას:

“ამ აქციაზე უნდა გავერთიანდეთ ყველა ვინც კულტურის, გარემოს დაცვის და ადამიანის უფლებებისთვის ვიბრძვით. საყდრისის საკითხი ამიტომ არის უნიკალური. აერთიანებს კულტურას და ავლენს კულტურის არასწორ პოლიტიკას, გარემოს დაცვის პრობლემებს და რაც მთავარია, ადამიანის უფლებების ინდიკატორია. კაზრეთელები იმსახურებენ ჰქონდეთ შრომის ადეკვატური პირობები და ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების უფლება. კაზრეთელები არ იმსახურებენ გამოყენებულნი იყვნენ შავი პიარკამპანიისა და პოლიტიკური თამაშებისთვის. ხელთ მაქვს ორი დოკუმენტი. პირველი 22 დეკემბერს “არემჯი გოლდმა” მიმართა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, რომ გაუგრძელონ 1994 წელს გაცემული ლიცენზია, ანუ ის ლიცენზია რომელითაც ახლა მუშაობენ. კომპანია სწერს სამინისტროს, რომ ისინი 2 კვირაში ვერ მოასწრებენ ობიექტის ათვისებას. სხვა ლიცენზიით კი ამ ობიექტზე მუშაობის უფლება რომ არ აქვთ კი გახსოვთ ალბათ… იგულისხმება მუშაობა იმ ერთ ჰექტარზე სადაც უძველესი მაღაროა. 2. 23 დეკემბრის დოკუმენტში სამინისტრო პასუხობს კომპანიას, რომ ლიცენზიის კიდევ ერთხელ გაგრძელება შეუძლებელია და ეს კანონდარღვევაა. მოკლედ უარს ეუბნებიან. იმედი ვიქონიოთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო პრინციპულობას შეინარჩუნებს, პრემიერის ზეწოლას გაუძლებს და კიდევ ერთ კანონდაღვევას არ დაამატებს ამ საქმეში ისედაც არსებულ კანონდარღვევათა მთელ სერიას. ლიცენზიას 31 დეკემბერს გასდის ვადა. მარტო იმაზე ვოცნებობთ რომ 31 დეკემბრამდე რაღაც მაინც დარჩეს ამ მაღაროსგან. “ბორცვზე” სამუშაოების შეწყვეტას რომ არ აპირებენ იქამდე, ეს ფაქტია.”