8 დეკემბერი, 2014

საქართველო ვენეციის ბიენალეზე ბრუნდება

ven1საქართველო ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე ბრუნდება. ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველო მონაწილეობას მიიღებს 2015 წლის ბიენალეში. ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში 2015 წელს 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაიმართება. ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში „არსენალეზე“ განთავსდება.

ამ თემასთან დაკავშირებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა და ბიენალეში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი ოფიციალურად გამოაცხადა. საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მსურველებისთვის კონკურსის პირობები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 9 დეკემბერს განთავსდება. განცხადების მიღების ბოლო ვადა 2015 წლის 15 იანვარია.

საერთაშორისო ხელოვნების ვენეციის ბიენალე 1895 წელს დაფუძნდა და უკვე საუკუნეზე მეტია ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ხელოვნების ცენტრად ითვლება. საქართველომ მასში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო.

წელს ვენეციის ბიენალეს თემაა „მომავალი სამყაროს მრავალფეროვნება”.