7 დეკემბერი, 2014

რომში ქართული გალობის კონცერტი გაიმართება

fondi1იტალიის ქალაქ რომში 7 დეკემბერს ქართული გალობის კონცერტი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი ფონდი “ქართული გალობაა”. ფონდი განაგრძობს ქართული ტრადიციული გალობის პოპულარიზაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოეთში ქართულ ეპარქიებთან და ცდილობს მხარში ედგას ემიგრაციაში მოღვაწე ქართულ გუნდებს. ფონდის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იღვწვიან ქართული საეკლესიო და ტრადიციული მუსიკის აღდგენა-პოპულარიზაციისთვის. ფონდისთვის უდიდესი პატივია მონაწილეობა მიიღოს ამ საშვილიშვილო საქმეში.

“ჩვენ გვესმის, ემიგრანტებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მათ მიმართ გამოხატული ნებისმიერი ყურადღება საქართველოდან, ყურადღება და მზრუნველობა ჩვენი დედაეკლესიის მხრიდან… არაფერი ისე არ აახლოებს სამშობლოსთან ქართველ ადამიანს, როგორც მშობლიური მართლმადიდებლური ეკლესია და მის წიაღში მჟღერი ღვთიური ქართული ჰანგი! სწორედ ამ მიზნით, ფონდმა „ქართული გალობა“ საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიასთან ერთად გადაწყვიტა ევროპაში მცხოვრები ქართველებისათვის გამართოს საზეიმო კონცერტი „ქართული პოლიფონია – კაცობრიობის საგანძური“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მოღვაწე ქართული გუნდები. კონცერტი გაიმართება იტალიის დედაქალაქ რომში, 2014 წლის 7 დეკემბერს,” – აღნიშნულია ფონდის საგანგებო განცხადებაში.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი „თამარიონნი“ ხელმძღვანელი ვალერი შარიფაშვილი, ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს სიმღერისა და გალობის გუნდი “GEORGIA” ხელმძღვანელი დავით ტყეშელაშვილი, ბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი „ბარაკონი“ ხელმძღვანელი დავით ცხვედიანი, დიუსელდორფის წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი „ნანილა“ ხელმძღვანელი ნანა ჩიხიაშვილი, მიუნხენის წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის სიმღერისა გალობის გუნდი ხელმძღვანელი ნანა გობეჩია, რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი ხელმძღვანელი ეკატერინა კაჭარავა. კონცერტში მონაწილე გუნდებს ფონდი „ქართული გალობა“ გადასცემს სამახსოვრო სიგელებს და ღონისძიებისთვის სპეციალურად შექმნილ ქვის საპატიო ქანდაკებებს.

აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთხელ დაეხმარება ამ გუნდებს მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ ქართულ მხარესთან, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ემიგრაციაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის.