8 დეკემბერი, 2014

რეზო ჩხეიძე 88 წლის გახდა

rezo1ქართველი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე 8 დეკემბერს 88 წლის გახდა. დაბადების დღე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა მიულოცეს.

რეზო ჩხეიძე 1937 წელს რეპრესირებული ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის ოჯახში დაიბადა. მისი მამა ლიტერატურულ ფსევდონიმად დია ჩიანელს იყენებდა. მომავალმა რეჟისორმა ისწავლა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, მოგვიანებით კი საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა.

რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე“, „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“, რომელმაც მიიღო კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს რტო“ და პირველი პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალზე.

რეზო ჩხეიძემ თავისი მოღვაწეობის პერიოდში გადაიღო მხატვრული ფილმები „ჩვენი ეზო“, „მაია წყნეთელი“, „განძი“, „ზღვის ბილიკი“, „ჯარისკაცის მამა“, „ღიმილის ბიჭები“, „ნერგები“, „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია “მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი”, სამომავლოდ კი რეჟისორს სურს ფილმი სტალინზე გადაიღოს.

სხვადასხვა წლებში ის იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი, რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია. მისი 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით კინოთეატრ “რუსთაველის” წინ რეზო ჩხეიძის ვარსკვლავი გაიხსნა, მოგვიანებით კი საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის უკვდავთა თაღში რეზო ჩხეიძეს ხელის ანაბეჭდი გაუსხნეს.