14 დეკემბერს სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში პრემიერაა. მიუზიკლი პეპი გრძელიწინდა ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის უკვდავი ნაწარმოების მიხედვით განახორციელა.
მიუზიკლის დამდგმელი რეჟისორი ირაკლი გოგიაა, რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი, მხატვარი მარიკა კვაჭაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ სოფია სებისკვერაძე, თამთა პატაშური, გიორგი ცხადაძე, შორენა ზუბიაშვილი, მაია ვაწაძე, ვასილ შიხაშვილი, ვაჟა ციცილოშვილი, ნელი ბადალაშვილი, თამარ ბეჟუაშვილი, გიგი მიგრიაული, ანდრეა გველესიანი, ბექნუ ქაფიანიძე, ჯაბა ჯაფარიძე, ლიკა ქუთათელაძე და ქეთი გიორგაძე.
ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟები, განსაკუთრებით კი ანცი და ჭორფლიანი გოგონა სტოკჰოლმის პატარა ქუჩის პატარა სახლიდან ყველა პატარასთვის საყვარელი მეგობარია. ახმეტელის თეატრში დადგმული მიუზიკლი, რომლის კომპოზიტორიც დავით ტურიაშვილი, არანჟირების ავტორი კი ლექსო ტურიაშვილია, პეპისა და მისი მეგობრების ტომისა და ანიკას დაუჯერებელი თავგადასავლების შესახებ ულამაზესი სანახაობაა არა მარტო პატარა მაყურებლისთვის. ცოცხალი ბენდის თანხლებით შექმნილი ფერადოვანი სპექტაკლი ონავარი და კეთილი გოგონას პეპი გრძელიწინდას ჯადოსნურ სამყაროში გაგიწევთ მეგზურობას.
