21 დეკემბერი, 2014

ოთარ ბაღათურია იუბილარია

otar-bagaturia-1რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი ოთარ ბაღათურია იუბილარია. 21 დეკემბერს მას 73 წელი შეუსრულდა. ამჟამად ხელოვანი თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორია. შარშან ამავე თეატრსი წინ მისი სახელობითი ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.

ქართველი მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი ოთარ ბაღათურია დაიბადა 1941 წლის 21 დეკემბერს ოზუგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.

ოთარ ბაღათურიას სევდიანი კომედია „მეფე ლირი თავშესაფარში” 2001 წლის საუკეთესო პიესად არის აღიარებული. ამ ნაწარმოებში დასმული პრობლემები აქტუალურია და დრამატურგი ხატავს არა მხოლოდ ჩვენს სოციალურ რეალობას, არამედ ადამიანის შინაგან ბუნებასა და სამყაროს. პიესა თითქმის ერთდროულად დაიდგა ახმეტელისა და მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრშებში. მაყურებელმა ასევე იხილა ამავე პიესის ბათუმის თეატრისეულ ინტერპრეტაციაც. იგივე პიესა 2009 წელს თავად ოთარ ბაღათურიამ დადგა ლატვიის ქალაქ ვალმეირას დრამატულ თეატრში. სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში 2011 წელს ოთარ ბაღათურიამ დადგა სპექტაკლი „ჭურში?!..“ საკუთარი პიესის მიხედვით. მან სხვადასხვა წლებში სპექტაკლები დადგა ლიტერატურულ თეატრში, თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრში, თეატრალურ უნივერსიტეტში, ახმეტელის თეატრში, ქუთაისის თეატრში, მესხეთის თეატრში, თელავის თეატრში. მისი პიესები კი მთელი საქართველოს თეატრებში განხორციელდა.

იუბილარი ავტორია პიესებისა „ვინ დაიცავს დღეს, ავი ლომისაგან ტყეს”, „ამიკო”, „საშობაო ზღაპარი”, „მეფე ლირი თავშესაფარში”. გადაღებულია ფილმებში „ციხე–სიმაგრე”, “მდგმურები”, „ვერსათრიელა”, ოთარ ბაღათურია თავად იყო რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმისა „ბოთე“.