14 დეკემბერი, 2014

ორშაბათს საყდრისი აღარ იქნება!

saktop1ორშაბათს საყდრისი აღარ იქნება! – ამ განცხადებას საყდრისის მცველები ავრცელებენ და 14 დეკემბერს 11 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ, სადაც საყდრისის ნგრევას გააპროტესტებენ.

“ეს გადამწყვეტი ბრძოლაა არა საყდრისისთვის, არამედ კულტურისთვის. კულტურის და ისტორიის ქონისთვის. უფლებისთვის რომ დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეები ვიყოთ და არა ტროიცკის ქვეშევრდომები. არა რუსი ინვესტორების მონები!” – აცხადებს ხელოვნებათმცოდნე სოფია კილასონია.

საყდრისის თემას ეხმიანება “ტფილისის ჰამქარიც”:

“მიუხედავად იმისა, რომ ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება “ტფილისის ჰამქარი”-ს მოქმედების არეალს ქალაქი თბილისი წარმოადგენს, თავს ვალდებულად მივიჩნევთ დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ძეგლის ვანდალური განადგურების წინააღმდეგ! ეს არის შემთხვევა, როცა არ აქვს მნიშვნელობა ოქროს საბადოსთან გვაქვს საქმე თუ არა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ობიექტის არქეოლოგიურ მნიშვნელობას ვერავინ უარყოფს. ამდენად, იმ ფონზე, როცა პროფესიულ წრეებშიც კი, არა ერთგვაროვანი შეფასებებია, ხოლო საზოგადოების ნაწილი როგორც აღმასრულებელი, ასევე სასამართლო ხელისუფლებისგან კვლავ ელოდება პასუხგაუცემელ კითხვებზე არგუმენტირებული განმარტებების მოსმენას, მიუღებელია კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან   საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს მაშტაბური განადგურების პროცესის ინიცირება, რის საფუძველსაც წარმოადგენს 2014 წლის 13 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის N03/266 ბრძანება და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის N2/271 ბრძანება.

დარწმუნებული ვართ, რომ ხელისუფლების ამგვარ პოზიციას თუ არ დაუპირისპირდა სამოქალაქო პროტესტის მძლავრი მუხტი, კულტურული მემკვიდრეობის განადგურების პროცესი მიიღებს მიზანმიმართული პოლიტიკის სახეს, რაც გამოუსწორებელი შედეგებით დასრულდება! შესაბამისად, მოვითხოვთ კომპანია “არემჯი”შ-ს მიერ წარმოებული სამუშაოების შეწყვეტას და ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ვინც კავშირშია საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის განადგურებასთან!”

საყდრისის თემაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებენ საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელოვანები, არქეოლოგები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები:

“2014 წლის 13 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის N03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის N2/271 ბრძანების საფუძველზე კომპანია “არემჯიმ” განაახლა სამთო-მოპოვებითი სამუშაოები საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე. გასათვალისწინებელია რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე მიმდინარეობს სამართლებლივი დავა და სასამართლო გადაწყვეტილები შეჩერებულია კომპანიის მადნისმომპოვებელი საქმიანობა. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, უკანონოდ დაიწყეს საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს მაშტაბური განადგურების პროცესი. ცნობილია, რომ საყდრისი-ყაჩაღიანი საერთაშორისოდ აღიარებული კულტურული მემკვიდრეობაა ჩვ.წ.აღ-ის მეოთხე ათსწლეულიდან.

მივმართავთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეონის დაცვის ეროვნულ სააგენტოს: 1. დღესვე დაუყოვნებლივ გაასაჯაროონ ბრძანებები N03/266 და N2/271. ეს ბრძანებები მიიღეს პარასკევს, რათა საზოგადოებას ვერ მოეხდინა სწრაფი რეაგირება და კომპანიას მიეცეს ძეგლის სრული განადგურების საშუალება 2 დღეში! 2. დაუყობნებლივ შეჩერდეს კომპანიის მიერ წარმოებული დამანგრეველი სამუშაოები საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე!

14 დეკემბერს 2014 წელს დილის 11 საათზე გაიმართება აქცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, საიდანაც აქციის მონაწილეები გაემართებიან კაზრეთში საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე. მგზავრობა უფასოა! საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს გადარჩენის ერთადერთი საშუალება სამოქალაქო საზოგადოების საყოველთაო მობილიზებაა. ორშაბათს უკვე ძეგლი აღარ იქნება!”