7 დეკემბერი, 2014

ნინო კირთაძე: არ ისუნთქო!

nino-kirtadze1ქართველმა კინორეჟისორმა ნინო კირთაძემ ახალი ფილმი გადაიღო. “არ ისუნთქო!” – ასე ეწოდება ფილმს, რომელიც დოკუმენტური ჟანრისაა. ფილმი საფრანგეთის ნაწარმოებია.

86 წუთიანი ფერადი ფილმის რეჟისორი, სცენარისტი და მემონტაჟე ნინო კირთაძეა. ოპერატორები ანდრო სანოვიჩი, თორნიკე შენგელია, ოქტავიო ესპირიტო სანტო და იაცეკ პეტრიცკი. ფილმში მონაწილეობენ ლევან მურთაზაშვილი და ირმა ინარიძე.

“40 წლის ლევანი კლინიკაში მიდის მხარში აუტანელი ტკივილების მიზეზის გასარკვევად. კლინიკიდან ის სრულიად შეცვლილი გამოდის. მისი აღელვება მის ცოლსა და მეგობრებსაც გადაედება. ლევანის სახლის ეზო დიდი შეკრებების ადგილად იქცევა, სადაც ლევანს „მაგიური” წამლებისა ან კარგი ექიმების შესახებ აძლევენ რჩევებს. ძალიან მალე ლევანს ფული უთავდება და შეიძლება ყველაფერი დაკარგოს – სამსახური, ჯანმრთელობა და ცოლი, რომელიც დღითიდღე სულ უფრო გვიან ბრუნდება შინ. მაგრამ მოულოდნელად რაღაც კარგი ხდება…”

ნინო კირთაძე 1997 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს პარიზში, საფრანგეთში. ნინო კირთაძის ფილმებს მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება და არაერთი პრესტიჟული კინოჯილდო, მათ შორის, ევროპული კინოაკადემიის პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის „მილსადენი მეზობლად”, დოკუმენტურ კინოში გერმანიის ერთ-ერთი მთავარი ჯილდო, ადოლფ გრიმეს ოქროს პრიზი „ჩეჩნური იავნანა” და შემოქმედებით კინოდოკუმენტალისტიკაში საფრანგეთის მთავარი ჯილდო, ოქროს FIPA “უთხარი ჩემს მეგობრებს, რომ მე მოვკვდი”. ნინო კირთაძე არის ფრანგ ავტორთა გაერთიანების La SCAM-ისა და ევროპული კინოაკადემიის წევრი.