ნიკა მაჩაიძე ლექციას წაიკითხავს

nika-machaidze1მუსიკოსი ნიკა მაჩაიძე ლექციას წაიკითხავს. ღონისძიება ევროპის სახლში ჩატარდება, რომელიც მოიცავს ლექცია-ვორქშოფებს არტისტებისა და არტკრიტიკოსების მონაწილეობით. ნიკა მაჩაიძე ისაუბრებს თემაზე “საუნდით შექმნილი შინაარსი”.

ლექციების გამართვამდე 19 დეკემბერს ევროპის სახლში სპეციალური გამოფენა გაიხსნება სახელწოდებით UNTOLD STORIES. ექსპოზიციას წარმოადგენს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და კურატორთა ლაბორატორია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად.

“ჩვენი ცხოვრება სავსეა სხვადასხვა ამბით, ვისმენთ მათ შესახებ და ვყვებით… ზოგი ნაცნობია, ვიცით მათი დასაწყისი და დასასრული. მაგრამ არის ამბები, რომლებიც ყოველდღიურობის მიღმა რჩება, ამბები, რომლებიც ადრე მოგვისმენია, მაგრამ გვიჭირს მათი გახსენება ან საერთოდაც დაგვავიწყდა ისინი… ამბები, რომელთა შესახებ არასოდეს გვსმენია… ამბები, რომლებიც მოსაყოლი რჩება. ქართული ვიდეო არტის კვლევისას, პროექტ „ვიდეო არტ ლაბორატორიის“ ფარგლებში, გადავწყვიტეთ ჩვენ მიერ მოსმენილი ამბები და ნანახი ვიდეოები ერთ სივრცეში შეგვეგროვებინა. ერთად ისინი ქმნიან პატარა ნაწყვეტს ქართული ვიდეო არტის ისტორიიდან.”

პროექტი „ვიდეო არტ ლაბორატორია“ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების არაფორმალური გაერთიანების „კურატორთა ლაბორატორიის“ იდეასა და ინიციატივას წარმოადგენს. გამოფენა UNTOLD STORIES მომზადებულია „ვიდეო არტ ლაბორატორიის“ ინტერდისციპლინური პროექტის ფარგლებში, რომელიც ორიენტირებულია არა მხოლოდ აკადემიურ კვლევაზე, არამედ სოციალურ ჩართულობაზე, ვიდეო არტის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. „ვიდეო არტ ლაბორატორია მრავალკომპონენტიანი პროექტია და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს გულისხმობს. პროექტი მოიცავს ქართული ვიდეო არტის გამოფენას „UNTOLD STORIES“, ვებგვერდის შექმნას, პუბლიკაციას, ლექციებსა და ვორქშოფებს არტისტებისა და არტკრიტიკოსების მონაწილეობით.

პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. პროექტის პარტნიორია ევროპის სახლი.
გამოფენაში მონაწილეობენ თემო ჯავახი, კოკა რამიშვილი, კოკა ცხვედიანი, კოკა ვაშაკიძე, ოლეგ ტიმჩენკო, ლევან ჭოღოშვილი, მაია სუმბაძე, ილიკო ზაუტაშვილი, მამუკა ჯაფარიძე. კოტე სულაბერიძე. გამოფენა გაგრძელდება 29 დეკემბრამდე.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდება ლექცია-ვორქშოფები არტისტებისა და არტკრიტიკოსების მონაწილეობით 22-24 დეკემებერს. 22 დეკემბერს ვატო წერეთელი ჩაატარებს ლექციას თემაზე “სინთეზის მომენტები ვიდეოხელოვნებაში”, ამავე დღეს სანდრო ვახტანგოვი ისაუბრებს თემაზე “ვიდეო არტი-ანტიხელოვნების შესანიშნავი საშუალება”. 23 დეკემბერს ნინო გედევანიშვილი წარმოადგენს თემას “ახალი მედია ხელოვნება – გამოწვევა მუზეუმებს”, გიო სუმბაძე კი “გამოსახულების სპონტანური რიგი წინასწარ აწყობილის ნაცვლად და ვიდეო ხელოვნება არქიტექტურის კონტექსტსში”. 24 დეკემბერს საზოგადოებას შეხვდება ხათუნა ხაბულიანი თემით “მოძრავი გამოსახულების თემა ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში”, ნიკა მაჩაიძე კი ისაუბრებს თემაზე “საუნდით შექმნილი შინაარსი”.