19 დეკემბერი, 2014

მოზარდმაყურებელთა თეატრში საახალწლო სპექტაკლები იწყება

2ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში საახალწლო სპექტაკლები იწყება. თეატრი თავის ერთგულ მაყურებელს სთავაზობს პრემიერებს როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენებზე.

„ახალი წლის ღამის კოსმიური სტუმრები“ ასე ქვია დრამატურგების ალექსანდრე სტაროტორჟსკის და ლარისა ტიტოვას ორ მოქმედებიან პიესა-ზღაპარს, რომელსაც რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი დგამს. პიესის თარგმანი ეკუთვნის დოდო ხურცილავას, მხატვარი ნინო ჩიტაიშვილი, მუსიკალური გაფორმება გიორგი არველაძის, ქორეოგრაფი ნიკოლოზ ნანიტაშვილი.

სპექტაკლში მონაწილეობენ თამარ ცქვიტინიძე, თამარ ტყემალაძე, გიორგი შავგულიძე, ნინო მუმლაძე, ვახო ჩაჩანიძე, ნიკა ნანიტაშვილი, მამუკა ბოგვერაძე, სერგეი შვედკოვი, შალვა ანთელავა, ედმონ გაბედავა და ნიკოლაი დონი.

“წელიწადში ერთი ღამეა, როდესაც წარმოუდგენელი ამბები ხდება და ყველა ნატვრა სრულდება. ამ ღამეს მაგიური ძალა აქვს. შეუძლია თოვლის ქალი ყინულოვან, თვალწარმტაც ქალბატონ ლოლოდ აქციოს, ბენგალური ცეცხლი ჯენტლმენ ცეცედ გარდაქმნას, დედამიწაზე პლანეტა „მლემოს“ მკვიდრი ჩაჩა მფრინავი თეფშით და სადამკვირვებლო მისიით მოავლინოს და პარამონ პირველთან შეხვედრაც მოგვიწყოს. ამ უცნაურ და სასაცილო გმირებს და მათთან დაკავშირებულ მხიარულ ამბებს მხოლოდ ერთ ადგილას ნახავთ და მოუსმენთ, მოუსვენარი გოგონა მიმის ეზოში. ბავშვებს წინ საინტერესო თავგადასავალი ელით და ერთობ მნიშვნელოვანი მისია, იხსნან პლანეტა დედამიწა პარამონ პირველის მზაკვრული ჩანაფიქრისგან, – ასეთია სპექტაკლის სინოფსისი.

ახალი სპექტაკლის პრემიერა 20 დეკემბერს გაიმართება და 11 იანვრამდე გაგრძელდება.