53 წლის მსახიობი მეგ რაიანი ქორწილისთვის ემზადება. როგორც უცხოური გამოცემები წერენ, რაიანი და მისი რჩეული უახლოეს დღეებში განცხადებას გააკეთებენ ნიშნობასთან დაკავშირებით და ახალი წლის დადგომასთან ერთად ქორწილსაც გადაიხდიან.
მსახიობის რჩეული 63 წლის მუსიკოსი ჯონ მელენკამპია, რომელსაც მეგ რაიანი 2011 წლიდან ხვდება. აგვისტოში წყვილმა გადაწყვიტა ურთიერთობებში შესვენება გამოეცხადებინათ, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ.
“გადაწყვეტილია, ჯონი ნიუ იორკში გადადის საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ მას საშინლად არ უყვარს მეგაპოლისების ცხოვრების რიტმი და სტილი, ეს მეგის სამყაროა და მასაც სურს თავისი საყვარელი ქალის ცხოვრების ნაწილი გახდეს. მათი რომანი სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ახლა მეგიც ხვდება, რომ მისთვის ქორწინება უმნივშნელოვანესია. ის მზად არის, თავის პრინციპებს უღალატოს და აღიაროს, რომ ქორწინება წყვილისთვის აუცილებელია. ის აქამდე მუდამ იმას ამტკიცებდა, რომ ორი ადამიანის სიყვარულისთვის სულაც არ არის საჭირო დაქორწინება. ჯონი გამოუსწორებელი რომანტიკოსია. ის მზად არის ფეხებში ჩაუვარდეს თავის საყვარელ ქალს, მას ძალიან მოსწონს ორიგინალური რომანტიკული ჟესტები და საკმაოდ ხშირად მიმართავს ამ ხერხს,” – განუცხადა უცხოურ გამოცემებს წყვილთან დაახლოებულმა წყარომ.
საქორწილო სამზადისის პარალელურად, მეგ რაიანი არც სამსახურს ივიწყებს და ამჟამად თავის სარეჟისორო დებიუტზე მუშაობს. მისი ფილმი უილიამ საროიანის მიერ 1942 წელს დაწერილი რომანის “ადამიანური კომედია” ეკრანიზაცია იქნება. ფილმისთვის სცენარი ერიკ ჯენდრესენმა დაწერა. ფილმის მთავარი გმირი 14 წლის ფოსტალიონია პატარა ამერიკული ქალაქიდან. მისი უფროსი ძმა მეორე სამამულო ომში მიდის და თავის მოზარდ ძმას უტოვებს დაქვირვებულ დედას და პატარა ძმასა და დას.
მეგ რაიანის პირველი რეჟისორული დებიუტის პრემიერა მომავალი წლის ბოლოს არის დაგეგმილი.