11 დეკემბერი, 2014

მანანა თუმანიშვილის ნამუშევრები ხელოვნების მუზეუმშია

manana1მხატვარ მანანა თუმანიშვილის ნამუშევრები ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმშია. მისი ნახატების გამოფენასთან ერთად ნამუშევრების საიუბილეო კატალოგის პრეზენტაციაც მოეწყო, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი დაესწრო.

მანანა თუმანიშვილმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი დაამთავრა, კითხულობდა ხელოვნების ისტორიის კურსს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, პარალელურად ასწავლიდა აკვარელს გამოყენებითი ხელოვნების და არქიტექტურის ფაკულტეტებზე, ავტორი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

მანანა თუმანიშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ქუთაისის ხელოვნების მუზეუმში, აგრეთვე სხვადასხვა კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ავტორის პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოში 1997 წელს გაიმართა, პირველი პერსონალური გამოფენა ქვეყნის ფარგლებს გარეთ კი 2001 წელს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში. 1997 წელს მისი ნამუშევარი ,,ნისლიანი მთები” წლის საუკეთესო ნამუშევრად იქნა აღიარებული.

გამოფენაზე წარმოდგენილია ავტორის მიერ აკვარელში შესრულებული სამოცამდე ნამუშევარი. გამოფენა 2015 წლის 19 იანვრამდე გაგრძელდება.