20 დეკემბერი, 2014

ლელა წურწუმია: “შეურაცხყოფილი ვარ!”

lela1მომღერალი ლელა წურწუმია არ მალავს, რომ მერიის წარმომადგენლის ქალბატონი მაქაცარიას მიერ გაკეთებული განცხადებით შეურაცხყოფილია. ამ თემაზე სასაუბროდ ის ”რეაქციაში” სპეციალურად მივიდა. როგორც ქალბატონმა მაქაცარიამ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა, მერიამ საახალწლო კონცერტში ჩასვა ის მომღერლები, ვისაც ბენდთან მუშაობის გამოცდილება აქვს და შეუძლიათ ცოცხლად სიმღერა.

ლელა წურწუმია:

“რადგან მე არ აღმოვჩნდი საახალწლო კონცეტში და არც თბილისობის კონცერტში, ამის გამო პრეტენზია ნამდვილად არ გამომითქვამს, უბრალოდ მერიის ერთ-ერთი წარმომადგენლის კომენტარმა გადამაწყვეტინა ხმა ამომეღო, იმიტომ რომ ეს არის შეურაცმყოფელი და უპასუხისმგებლო განცხადება. რომ არ მეძახიან კონცერტზე, ეს გასაგებია, მაგრამ როცა მოდიხარ ტელევიზიაში და აკეთებ განცხადებას, რომ კონცერტში მონაწილეობენ მხოლოდ ის მომღერლები, ვინც ბენდთან ერთად მღერის, ეს რას ნიშნავს? ანუ გამოდის, თბილისის კონცერტში ის მომღერლები არ მონაწილეობენ, ვინც ცოცხლად ვერ მღერიან. ისიც მაინტერესებს, ამ ქალბატონმა თავისი აზრი გააჟღერა, თუ კონკრეტულად მერიაში ასე ფიქრობენ, რომ ვინც ამ კონცერტში არ არის, ვერ მღერის ცოცხლად? მე შეურაცხყოფილი ვარ! თურმე იმ კრიტერიუმით არ მოვხვდით ჩვენ თბილისის კონცერტში, რომ არ შეგვიძლია ცოცხლად სიმღერა. ჩემი კოლეგების მიმართ, რომლებიც იღებენ თბილისის კონცერტში მონაწილეობას, არაიანი პრობლემა და პრეტენზია არ მაქვს. ვიცი, რომ გივი გაჩეჩილაძის ბენდთან ჩემი კოლეგები წლებია მუშაობენ და აქვთ რეპერტუარი, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ პოპმუსიკის მომღერლები არ ვართ სახელმწიფო დაფინანსებაზე. საქართველოში სულ წელიწადში ტარდება ორი კონცერტი, ეს არის თბილისობა და ახალი წელი, 26 მაისი ან ტარდება და ან არა. ჩვენ საარსებო წყარო არ გვინდა? გასაგებია, რომ სადღაც მივდივარ და რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ მე რომ ვიყო დამოკიდებული ჩემს ქვეყანაზე, შემიძლია წელიწადში ორი კონცერტით ვიცხოვრო?”