13 დეკემბერი, 2014

კულტურის სამინისტრო “ახალი საუნჯის” და “არილის” დაფინანსებას წყვეტს?

14ჟურანლის “ახალი საუნჯე” მთავარი რედაქტორი პოეტი შოთა იათაშვილი აცხადებს, რომ მომავალი წლიდან შესაძლოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ჟურნალების “ახალი საუნჯე” და “არილი” დაფინანსება შეწყვიტოს:

“მწერლებს და მკითხველებს! ისეთი პირი უჩანს, რომ კულტურის სამინისტროდან “ახალი საუნჯის” და “არილის” დაფინანსება 2015 წლიდან გაჩერდება. 2015 წლის საკითხზე სექტემბიდან მოყოლებული ვცდილობდით ორივე რედაქციიდან ახალ მინისტრთან შეხვედრას და დალაპარაკებას. მაგრამ სამწუხაროდ ბატონმა მინისტრმა 15 წუთი ვერ იპოვა, რათა იმ ჟურნალების რედაქტორებს შეხვედროდა, რომლებსაც წელიწადნახევარია სამინისტრო აფინანსებს. სიზუსტისათვის: სასტამბო ხარჯებს თავის თავზე ჟურნალები თავის თავზე იღებენ, სამინისტრო ჰონორარებს და ხელფასებს გასცემს. ორივე ჟურნალის 10-თვიანი დაფინანსება, (იანვარი-თებერვალი ბიუროკრატიული აპარატის სიზანტის გამო ჩავარდა) სულ 130 ათასი ლარი დაჯდა. უკვე წელი იწურება და სამინისტრო ჯერ კიდევ ვერ გაერკვა პერიოდიკასთან დაკავშირებით. ახლა მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ კონკურსი გამოცხადდეს, რადგან სხვა ჟურნალებსაც აქვთ შემოტანილი დაფინანსებაზე განაცხადები. კი ბატონო, კონკურსის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ მაშინ ეს ადრე უნდა გაკეთებულიყო, რათა წლის ბოლოსთვის გამარჯვებულები ცნობილი ყოფილიყო და იანვრიდან ჟურნალები თავიანთ საქმეს შესდგომოდნენ. ახლა, სანამ კონკურსი გამოცხადდება, სანამ შედეგები დაიდება, სანამ ზანტი ბიუროკრატიული ამუშავდება, ჩათვალეთ, რომ ნახევარი წელი გასულია. მე ამ ყველაფერმა ძალიან დამღალა, აღარ შემიძლია ეს ჭიდაობა-ძიძგილაობა. რა თქმა უნდა, არის სამინისტროში ის ხალხი, რომელსაც ესმის ლიტერატურული პერიოდიკის მნიშვნელობა და მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდზე გვედგა და ახლაც ძალიან მოწადინებულია, რომ ჟურნალების გამოცემა არ შეწყდეს, მაგრამ ეტყობა თავს ზემოთ ძალა არაა. მე ეს ინფორმაცია მოგაწოდეთ, რომ მერე ჟურნალების გაჩერება თქვენთვის მოულოდნელი არ ყოფილიყო. დანარჩენი თქვენ იცით. და ძალიან გთხოვთ, არ დამიწყოთ დარეკვები, წერილების მოწერა, რაღაც იდეების შემოთავაზებები. მე აღარ შემიძლია. თქვენ თუ რამე შეგიძლიათ, თავად მოიფიქრეთ.”