კონსერვატორიიდან სტუდენტებს აძევებენ

rez1კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ დაუშვებელია სტუდენტების კონსერვატორიდან გაძევება:

“ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორებო, თანამშრომლებო, კოლეგებო, აქამდეც მსმენია კანტიკუნტად, მაგრამ ბოლო დროს მთელი სიმწვავით დამანახეს ერთი უხერხული სიტუაცია, რომლის ასე გაგრძელება დაუშვებლად მიმაჩნია: კონსერვატორიაში კლასების ნაკლებობა და სტუდენტების სიმრავლე ნაცნობია ყველასთვის… ამ გაჭირვების ფონზე თურმე კონსერვატორიის პედაგოგებიც და კონცერტმაისტერებიც მთელ თავის მოწაფეებს, დიდებს თუ პატარებს, აქაურ კლასებში ამეცადინებენ.

უფრო მეტიც, სრულიად ჩვეულებრივ ამბად გამხდარა ყოვლად აღმაშფოთებელი რამ: პედაგოგს შეუძლია გამოაძევოს სტუდენტი, კლასში რომ მეცადინეობს, თვითონ შეიყვანოს თავისი კერძო, არა კონსერვატორიის სტუდენტი მოწაფე და აზრადაც კი არ მოუვიდეს, რომ ლახავს სტუდენტის ფუნდამენტურ უფლებას, იმეცადინოს თავის სასწავლებელში და მხოლოდ თავისნაირ სტუდენტებთან ჰქონდეს კონსერვატორიის ოთახები საზიარო.

მესმის, რომ უფრო კომფორტულია ყველა მოწაფის ერთ დღეს და ერთ ადგილას მიღება და გასტუმრება, მაგრამ კონსერვატორიის უკლასო და გაჭედილ სიტუაციაში ამის კეთება ხომ ნიშნავს, რომ სტუდენტმა ვერ გამოიყენოს ვერც ერთი თავისუფალი საათი ლექციებს შორის, “ფანჯარა” აივანზე უსაქმურობაში ან ქუჩაში ყიალში გაატაროს, ან, სულაც სახლში დარჩეს და ლექციები აცდინოს, სპეციალობა მაქვს სამეცადინო, კონსერვატორიაში კი კლასები არ არისო…

ძვირფასო პედაგოგებო, უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს სიძნელე, ამ “უკლასობაში” რომ გაგვჩენია და არ შეუმციროთ სტუდენტებს ისედაც მცირე სამეცადინო საათები, ხოლო მათ კლასიდან გამოძევებას კი საერთოდ ბოლო უნდა მოეღოს, ეს დაუშვებელია.

დაბეჯითებით გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს უხერხულობა და პატივი სცეთ სტუდენტის უფლებას. ამ პოსტით ჩემი დამოკიდებულება განვაცხადე ამ უწესობასთან. ეხლა ჯერი თქვენზეცაა, თქვენ თუ მორჩილად ჩაყალაპავთ თქვენი უფლების შელახვას, მე ისევ ალბათ ერთი თვის მერე მომახსენებენ, რომ ისევ გარათ გაძევებენ და თქვენც ემორჩილებით… მალე შიდა ქსელი გვექნება და ოთახების და კლასების რეზერვირების მშვენიერი შესაძლებლობა და ტექნოლოგია ონლაინ. რაც შეეხება იმას, რასაც ჩვენ ხშირად “ქართულ რეალობად” მოვიხსენიებთ, სწორედაც რომ ჩვენი უნიათობის, ასოციალურობის, თავკერძობის და ფსევდოდელიკატურობის შედეგია და ჩვენივე გამოსწორების შედეგად უნდა გამოსწორდეს… ადამიანური და ტექნოლოგიური დეცენტური ფორმით, იანვრიდან შევუდგებით ამ და სხვა ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა-მიუხედავობის აღმოფხვრას…

იყო საუბარი იმაზეც, რომ ოპერის თეატრის წარმომადგენლებიც სარგებლობენ კონსერვატორიის ოთახებით, ოპერა, ჩვენი მეგობარი, ამ სარემონტო გაჭირვევაში, დროებით გვთხოვს ერთი-ორი სოლისტისთვის ორიოდე საათით 2-3 კლასის დათმობას საღამოს საათებში, როცა კონსერვატორია ცარიელია. ამ სიტუაცუაში მისთვის მხარში ამოდგომა და პედაგოგის მიერ სტუდენტის ოთახიდან გამობუნძულებას ერთი და იგივე კვალიფიკაციას ვერ მივცემ და ერთს მეორით ვერ ავხსნი. რემონტი დამთავრდება ახლო მომავალში, ეს მეორე კი დაუყოვნებლივ უნდა დამთავრდეს!”