8 დეკემბერი, 2014

კიმ ბესინგერი 61 წლის გახდა

kim1ყოფილი მოდელი და ოსკაროსანი მსახიობი კიმ ბესინგერი 8 დეკემბერს 61 წლის გახდა. კამილა ენ ბესინგერის მშობლები ხელოვნებას ემსახურებოდნენ, მამა დონ ბესინგერი ორკესტრის მუსიკოსი იყო, დედა ანი კი მოდელი, მსახიობი და მოცურავე, რომელიც ესთერ უილიამსის რამდენიმე ფილმში გამოჩნდა. კიმს ორი ძმა, მიქი და სქიფი და ორი და, ეშლი და ბარბარა ჰყავს. ბესინგერს შვედურ-გერმანული წარმოშობა აქვს და მეთოდისტური ეკლესიის მრევლად მიიჩნევა. 16 წლის ასაკში მან თავის პატარა ქალაქ ათენში სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და ფორდის სააგენტოში მოდელის კარიერა დაიწყო, რისთვისაც ნიუ-იორკში ჩასვლა მოუწია. იმხანად კიმმა მოდელობისთვის სიმღერისა და მსახიობის კარიერაზე თქვა უარი.

პოდიუმზე გასვლიდან მოკლე ხანში კიმ ბესინგერის ფოტოები წამყვანი ჟურნალების გარეკანზე გაჩნდა. გასული საუკუნის 70-იან წლებში მისი ფოტოები ასეულობით ჟურნალს ამშვენებდა. ტოპ-მოდელის სტატუსი კიმს 20 წლის ასაკში მიენიჭა, რამაც მას დღიურად 1000 დოლარის შემოსავალი მოუტანა. ამასობაში მან პრესტიჟულ სამსახიობო სკოლაში დაიწყო სიარული მსახიობის ოსტატობის შესასწავლად. გარეკანის ვარსკვლავმა სამოდელო კარიერის გვერდზე გადადება გადაწყვიტა და ლოს-ანჯელესში ჩავიდა მსახიობის კარიერის დასაწყებად. თავდაპირველად კიმი სატელევიზიო ფილმების ეპიზოდებში გამოჩნდა „მაკმილანი და ცოლი“ და „ჩარლის ანგელოზები”.

1983 წელს მან შონ კონერისთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ფილმში „აღარასოდეს თქვა არასოდეს“. მომდევნო წელს რობერტ რედფორდთან ერთად გასახიერებული როლისთვის ფილმში „ბუნებრივი” კიმმა ოქროს გლობუსის ნომინაცია მიიღო. ფილმის რეჟისორი ბარი ლევინსონია. კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელმა რეჟისორმა რობერტ ბერტონმა ბესინგერი 1987 წელს ფილმ „ნადინში” მიიწვია.

მსახიობის კარიერა კიდევ რამდენიმე კინოსურათს მოიცავს, თუმცა, არც თუ ისე მნიშვნელოვანსა და დასამახსვრებელს. კიმ ბესინგერის იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან ფილმებად ითვლება „9½ნახევარი კვირა” და „ბეტმენი”. შემდგომ პერიოდებში მას აქტიურად იღებდნენ თრილერებში, თუმცა, კინოკრიტიკოსთა სიმპათიას ვერ იმსახურებდა. მსახიობმა კვლავ გაიბრწყინა ფილმში „ლოს-ანჯელესის საიდუმლოება”, სადაც მთავარი როლი შეასრულა და ოქროს გლობუსი და ოსკარი დაიმსახურა.

1980 წელს მსახიობი ვიზაჟისტ რონ შნაიდერ-ბრითონს გაჰყვა ცოლად. მათი ერთობლივი ცხოვრება 8 წელიწადში დასრულდა. მსახიობს ფლირტი ჰქონდა რიჩარდ გირთან, პრინცთან, რაც ერთი წელიც არ გაგრძელებულა. სულ მალე კიმმა თავისი მომავალი მეუღლე ალეკ ბოლდუინი გაიცნო რომანტიკულ კომედია „ქორწინების ჩვეულებაში“ გადაღებისას. მათ ერთი ქალიშვილი აირლანდ ელის ბოლდუინი ჰყავთ, რომელიც მათი ქორწინებიდან ორ წელში დაიბადა. წყვილი ერთმანეთს 2000 წელს დასცილდა, 2002 წელს კი ოფიციალურად განქორწინდნენ.

ბესინგერს აგორაფობია აწუხებს, რასაც ჰოლივუდში თავისი კარიერის დასაწყისს მიაწერს, როდესაც ფოტო და კინოკამერების წინაშე ბიკინიში გამოჩენას სთხოვდნენ. ასეთი საღამოების შემდეგ კიმი შინ მიდიოდა, პიანინოზე უკრავდა და ხმამაღლა გაჰკიოდა თავი დამანებეთო.

კიმმა ოჯახის წევრების რჩევით 1989 წელს დაბა ბრეიზელთონი შეიძინა 20 მილიონ დოლარად, სადაც კინოქალაქის აშენებას და ფესტივალების გამართვას აპირებდა, თუმცა, ფინანსურ კრიზისში ჩავარდა და 1993 წელს შენაძენი გაყიდა. დაბას ახლა დეველოპერი უეინ მეისონი ფლობს.