10 დეკემბერი, 2014

კახეთის აღმოჩენის ახალი დეტალები ცნობილია

kax1კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ზიარში, დურგლიაანთ მიწების ისტორიულ უბანში, ქვედა და შუა პალეოლითის პერიოდის (ქვის ხანა) ღია სადგომები გამოვლინდა. წინასაწარი ვარაუდით ზიარი 1 ((1960-70-იან წწ-ში ნაწილობრივ გათხრილი და შესწავლილი (ხელმძღვანელი თ. ბუგიანიშვილი) ღია ტიპის პალეოლითური ძეგლი „ზიარი 1“, რომელიც ადგილზე ხელახლა იქნა მიკვლეული.)) და მეცნიერებისთვის დღემდე უცნობი და ახლადგამოვლენილი ზიარი-2 ძველი ქვის ხანის პერიოდის, სავარაუდოდ ჰომო ერქტუსებისა და ნეანდერტალელების ნამოსახლარს წარმოდგენს, რომლის ფენებში ქვის უძველესი არტეფქტები, ცხოველების ნაშთები და ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალი ფიქსირდება.

ზიარი-2 ის ზუსტ ასაკზე საუბარი ნაადრევია, თუმცა როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი ნიკა თუშაბრამიშვილი აცხადებს, წინასწარულად შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისთვის საქართველოსა და კავკასიის ტერიტორიაზე ზიარი პირველი ადგილია, სადაც ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალი გამოვლინდა.

ზიარი-1 და ზიარი-2 დამატებით კვლევებს საჭიროებს, რომელიც 2015 წელს გაგრძელდება ახლადგამოვლენილი მასალების დადასტურების შემთხვევაში, აფრიკისა და საფრანგეთის შემდეგ, საქართველო რიგით მესამე ქვეყანა იქნება, სადაც ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალი იქნება დაფიქსირებული და აღიარებული.

შეგახსენებთ, ევროპაში უძველესი ცეცხლის გამოყენების კვალი დადგენილია საფრანგეთში, ქალაქ ნიცას ტერიტორიაზე, ადგილსამყოფელ „ტერა ამატაში“ და თარიღდება 400 000 წწ-ით, ხოლო ცეცხლის გამოყენების ყველაზე უძველესი კვალი აფრიკაში, კერძოდ კენიაში არსებულ არქეოლოგიურ ძეგლ „კოობი ფორაზე“ არის დაფიქსირებული და მისი ასაკია 1,6 მლნ წწ თარიღდება.

არქეოლოგიური ობიექტების ზიარი 1 და ზიარი 2-ის კვლევით სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „პალეოგარემოს რეკონსტრუქციისა და არქეოლოგიური კვლევების ცენტრი“ (ხელმძღვანელი ნიკა თუშაბრამიშვილი) და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ჯგუფი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.