22 დეკემბერი, 2014

ჯემალ თოფურიძის მოთხრობები წიგნად გამოიცა

jemal123 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართება მწერალ ჯემალ თოფურიძის 66 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო და მისი ახალი წიგნის „დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია” და სხვა მოთხრობები პრეზენტაცია.

„ჯემალ თოფურიძე უაღრესად ადამიანური მწერალია. მან შესანიშნავად იცის, რომ მხოლოდ თანაგრძნობამ შეიძლება გადაარჩინოს პიროვნება. თვითონ მწერლის დამოკიდებულებაც უაღრესად თავისებურია პერსონაჟების მიმართ. მას აქვს თანაგრძნობაც, ტკივილიც, ნატიფი ირონიაც, მაგრამ აქვს აგრეთვე რაღაც ისეთი, რასაც ძნელია სახელი დაარქვა და რაც საკმაოდ შეუმჩნეველიცაა. ეს არის სურვილი არსებობის აზრის ძიებისა. ეს სურვილი გაუცნობიერებლად ვლინდება მის პერსონაჟებში და ზღვრულ სიტუაციებში იჩენს თავს, როგორც მოყვასისადმი სრული თვითგაღება“ – ეს არის ნაწყვეტი ანდრო ბუაჩიძის წინასიტყვაობიდან.

ჯემალ თოფურიძის მეუღლის მანანა დუმბაძის თქმით, ამ წიგნში გაერთიანებულია ჯემალ თოფურიძის საუკეთესო მოთხრობები:

“ჩემო უძვირფასესო “ფრენდებო”, გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ, როცა ჩემს კედელზე ვაქვეყნებდი ჯემალ თოფურიძის მოთხრობებს რუბრიკით “ხარისხიანი მწერლობა”, დაგპირდით, რომ წლის ბოლის, ჯემოს დაბადების დღისათვის აუცილებლად მოგართმევდით ამ მოთხრობებს აკინძულს ერთ მშვენიერ კრებულად. ჰოდა, დღეს ეს ოცნება პირადად მე და ჯემოს შემოქმედების თაყვანისმცემლებს პირნათლად აუხდინა გამომცემლობა “ინტელექტმა”, რისთვისაც უდიდეს მადლობას მოვახსენებ მის ხელმძღვანელებს და ყველა თანამშრომელს. მაშ ასე, ჩემო მეგობრებო, დაიმახსოვრეთ და არაფერი დაგეგმოთ 23 დეკემბრის საღამოსათვის, უკლებლივ ყველას გეპატიჟებით მწერალთა სახლში წიგნის “დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია” და სხვა მოთხრობები წარდგენაზე. უდიდესი სიამოვნება გელით. იქ შეიკრიბება ყველაზე შინაარსიანი, მოაზროვნე და შემოქმედებითი საზოგადოება. მიიღეთ ჩემგან ეს პატარა საახალწლო საჩუქარი!”