ცნობილი იტალიელი დიზაინერი ჯანი ვერსაჩე 2 დეკემბერს 68 წლის გახდებოდა. ის 51 წლის ასაკში თავის სახლთან მაიამი ბიჩზე ჰომოსექსუალური ორიენტაციის სერიულმა მკვლელმა ყოველგვარი მიზეზის გარეშე ჩაცხრილა. რამდენიმე დღის შემდეგ კი პოლიციელებით გარშემორტყმულმა თვითონაც თავი მოიკლა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელს ვერსაჩეს საცვლები ეცვა. დიზაინერი არასდროს მალავდა თავის ჰომოსექსუალურ ორიენტაციას და 11 წელი ცხოვრობდა თავის პარტნიორთან სტილისტ ანტონიო დამიკოსთან ერთად.
თავდაპირველად დიზაინერის მკვლელობას იტალიურ მაფიას უკავშირებდნენ, მოგვიანებით კი მკვლელობის დაკვეთაში ოჯახსაც ადანაშაულებდნენ. ვერსაჩეს გარდაცვალების შემდეგ მის ფირმას სათავეში უმცროსი და დონატელა ვერსაჩე ჩაუდგა. ელტონ ჯონმა კი მოდელიორის ხსოვნას სპეციალური ალბომი მიუძღვნა.
მისი კოლექციები ყოველთვის გამორჩეული იყო და არც ერთი არ ჰგავდა ერთმანეთს. სამოსში იყო როგორც პანკ კულტურის მოტივები, ასევე პოპ არტის, ბაროკოს. მან შექმნა კოლექცია, რომელიც ჟაკლინ კენედის მიუძღვნა. მიჩნეულია, რომ სწორედ ჯანი ვერსაჩემ გამოიყვანა პოდიუმზე მამაკაცი ჰალსტუხის გარეშე და ჯინსებით.
დიზაინერის კარიერა თავიდანვე წარმატებით დაიწყო. მან 36 წლის წინ შექმნა ბრენდი “ჯანი ვერსაჩე” და მას შემდეგ პოპულარობა არ დაუკარგავს. ვერსაჩეს ბრენდით გამოდის სამოსი, აქსესუარები, სამკაულები, კოსმეტიკა, პარფიუმერია, ჭურჭელი, ტელეფონები, ავეჯი და ავტომობილებიც კი. მისი გარდაცვალების შემდეგ, ბრენდს სახელი გადაერქვა და უბრალოდ “ვერსაჩე” ეწოდა.
