ილია მეორე: “ქართული კულტურა აყალიბებს შინაგან სამყაროს”

ilia2სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რომში გამართულ კონცერტს ეხმიანება, რომელიც ფონდმა “ქართული გალობა” ჩაატარა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს:

“ძალიან დიდია ჩემი ტკივილიცა და სიხარულიც დღევანდელ შეხვედრასთნ დაკავშირებით. ტკივილი იმიტომ, რომ აქ თავმოყრილია სამშობლოდან გაჭირვების გამო უცხოეთს თავშეფარებული ადამიანები და მე მესმის ყველა თქვენგანის საერთო წუხილი; სიხარული კი იმიტომ, რომ მიუხედავად საარსებო რთული პირობებისა არ ივიწყებთ ფესვებს, ჩვენს სულიერ ღირებულებებს; თქვენი შემოქმედებით დიდ სიკეთეს თესავთ და ამასთან, პოპულარიზაციას უწევთ ჩვენს კულტურას.

ქართული ცეკვა, მრავალხმიანი უნიკალური ქართული სიმღერა და გალობა, ქართული ენა, ჩვენი ტრადიციები, რა თქმა უნდა სარწმუნოება, აყალიბებს ჩვენს შინაგან სამყაროს და დიდად განსაზღვრავს ქართველის მეობას.

ამიტომაც მინდა განსაკუთრებით დავლოცო უცხოეთში მოღვაწე ჩვენი მოძღვრები, რომელნიც ღვთისა და სამშობლოს სიყვარულს უნერგავენ თანამემამულეთ, დავლოცო ამ შვიდი შესანიშნავი ანსამბლის სულის ჩამდგმელნი და ხელმძღვანელნი, დავლოცო ფონდი „ქართული გალობა“ ამ კონცერტის ორგანიზატორი.

თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს რომში, ამ დარბაზში, ევროპაში მცხოვრები ქართველობა და საქართველო გაერთიანდება და აქ დაღვრილი გრძნობები ჩენი ქვეყნისათვის ერთ დიდი ჩაუქრობელ კელაპტრად აენთება.

ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, მუდამ ვლოცულობ, რომ თქვენი მწირობა უცხო ქვეყანაში იყოს ხანმოკლე!

ვლოცულობ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თითოეულმა თქვენგანმა კარგად გააცნობიეროს ისიც, რომ თქვენ ხართ სახე საქართველოსი, რომ თქვენი ქცევა, თქვენი ქმედება პირდაპირ კავშირშია თქვენს სამშობლოსთან.

თქვენი ვალია, იყოთ ღირსეული შვილები ჩვენი ქვეყნისა და დამლიერნი და კმაყოფილნი დაბრუნდეთ უკან.

საქართველოს თითოეული თქვენგანი სჭირდება. მისი ძლიერება თითოეული თქვენგანის კარგად ყოფნა და ძლიერებაა.

ღმერთმა დაგლოცოთ!

ღმერთმა მოგვასწროს ერთიან, სულიერად ძლიერ, აყვავებულ საქართველოს. ამინ!”