16 დეკემბერი, 2014

forbes-მა ყველაზე მდიდარი ახალგაზრდები დაასახელა

ffff1უცხოურმა ჟურნალმა “forbes”-მა წლის მიწურულს ის ახალგაზრდები დაასახელა, რომლებსაც ჯერ 30 წელი არ შესრულებიათ, მაგრამ საკმაოდ წარმატებულები არიან თავიანთ საქმიანობაში და რამდენიმე მილიონ დოლარსაც ფლობენ.

რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავეს ტყუპმა დებმა მერი კეით და ეშლი ოლსენებმა. ისინი 28 წლისები არიან და უკვე 300 მილიონ დოლარს ფლობენ. მათ ფილმებში გადაღებას თავი 2004 წელს დაანებეს, როცა 18 წლისები იყვნენ და კინო აღარ აინტერესებდათ. მას შემდეგ ათი წელი გავიდა, მერი ქეითი და ეშლი გახდნენ პოპულარულები, დააგროვეს საკმაოდ დიდი თანხა და გახდნენ ყველაზე ახალგაზრდა მილიონერები მსოფლიო კინოს ისტორიაში, რომლებმაც ამხელა თანხა სხვისი დახმარების გარეშე გამოიმუშავეს. ტყუპი დები ერთ-ერთ სერიალში მთავარ როლს თამაშობდნენ და სერიალის დასრულებისას მათმა პოპულარობამ პიკს მიაღწია. დაიწყო მათი სახელობის ტანსაცმლის, სათამაშოების, წიგნების, ფეხსაცმელების გამოშვება და გაყიდვა. ამის შემდეგ, გოგონები პირადად აკონტროლებენ თავისივე სახელობის ბრენდს, რომლის პოპულარობაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არ კლებულობს.

რეიტინგში მეორე ადგილი უკავია 25 წლის მომღერალს ტეილორ სვიფტს. მისი ქონება 165 მილიონ დოლარს შეადგენს. მომღერლის ცხოვრებაში ბოლო წლებში ყველფერი კარგისკენ მიდის: ალბომი, რომელიც ბესტსელერად იქცა, მისი რეკორდული ტირაჟით გაყიდვა, მომდევნო ალბომი კვლავ ბესტსელერი გახდა და გაყიდვების ტირაჟმა კიდევ უფრო მოიმატა. მისი საკონცერტო ტურნეები წინებთან შედარებით კიდევ უფრო ეფექტურია, ახალი სიმღერები კი ძველებზე უკეთესია. მისი ყოველი ალბომის გამოსვლა ყოველთვის ხმაურიანია. ალბომმა რედ ტეილორის გულშემატკივრების აღფრთოვანება გამოიწვია, ერთ-ერთი ბოლო ალბომი “1989” კი ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად იქცა ამ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

რეიტინგში მესამე ადგილზეა 29 წლის ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ. მისი ქონება 130 მილიონ დოლარს შეადგენს. დღეისათვის ის მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. ამბობენ, რომ მისი ყიდვა “რეალს” “მანჩესტერ იუნაიტედისგან” თითქმის 100 მილიონი დოლარი დაუჯდა. სწრაფი, ტექნიკური, იდეალური – ასე საუბრობენ მის შესახებ კოლეგები. კრიშტიანუ თავს სპორტის გარეშეც არაჩვეულებრივად გრძნობს: მისი გოგონა, მოდელი ირინა შეიკი, მისი ფან ბაზა, რომელიც არა მარტო მამაკაცებისგან, არამედ ქალბატონებისგანაც შედგება, ფეხბურთელს მხნეობას და კიდევ უფრო მეტის კეთების სტიმულს აძლევს.

რეიტინგის მეოთხე საფეხურზეა მომღერალი მაილი საირუსი ასევე 130 მილიონი დოლარის ქონებით. 22 წლის მაილი ყველანაირად ცდილობს თავისი ეპატაჟურობით და ორიგინალურობით ფართო საზოგადოებას დაამახსოვროს თავი. მშვიდი და წყნარი გოგონა შოუდან “ჰანი მონტანა”, მოულოდნელად გადაიქცა პანკად და მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. მომღერალს მიაჩნია, რომ მის მიერ დაგეგმილი “ბუნტი” მთელს მსოფლიოში საკმაოდ კარგად იყიდება.

“forbes”-ის გამოკითხვით მეხუთე ადგილი დაიკავა 105 მილიონი დოლარით ჯასტინ ბიბერმა. ის არის ადამიანი, რომელსაც უჭირს თავისი ცხოვრების მართვა. ჯასტინი 20 წლის გაზაფხულზე გახდა. მისი წარსული სავსეა იდიოტური გამონათქვამებით, მაიმუნთან დაკავშირებული ისტორიით, მომღერლის გამოხტომებით ნასვამ მდგომარეობაში თუ დამტვრეული მანქანებით. ასეთი ამბების მიუხედავად, 2014 წელს მომღერლის მიერ ჩატარებული საკონცერტო ტური ერთ-ერთი წარმატებულია. გასულ წელს მან სხვა მომღერლებთან შედარებით ყველაზე მეტი ფული, 80 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მეექვსე ადგილოსანია მომღერალი რიანა. ის 26 წლისაა და უკვე 100 მილიონ დოლარს ფლობს. მასთან ყველაფერი შედარებით რთულადაა: 2009 წელს ის 40 მილიონი დოლარის მფლობელი იყო, მაგრამ თავისი ბუღალტერის და წარუმატებელი საკონცერტო ტურნეს წყალობით ბარბადოსელი მომღერალი ფინანსური კრახის წინაშე აღმოჩნდა. მის ანგარიშზე მხოლოდ 2 მილიონი დოლარიღა იყო დარჩენილი, მაგრამ მომღერალმა ძალები მოიკრიბა, ახალი ალბომი ჩაწერა და სკანდალური ტურით ფინანსური წარმატებაც დაიბრუნა.

გამოკითხვით ბოლო ადგილზეა ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი მსახიობი 25 წლის დენიელ რედკლიფი 99 მილიონი დოლარით. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი თეატრებშიც თამაშობს სპექტაკლებს და სხვა ფილმებშიც მონაწილეობს, ის მთელი მსოფლიოსთვის მაინც ჰარი პოტერია. თუმცა ერთ-ერთი ბოლო ფილმი მისი მონაწილეობით, მაყურებელს ავიწყებს რომ ეკრანზეა ჯადოქარი ჰოგვორტსიდან.