14 დეკემბერი, 2014

ელტონ ჯონი ქორწინდება

elt1უცხოური გამოცემა Daily Mirror-ის ინფორმაციით, სერ ელტონ ჯონი ქორწინდება. მომღერალმა ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, რომ მზად არის დატოვოს სცენა, დაასრულოს კარიერა და მთელი თავისი დრო ოჯახს, თავის მეუღლესა და ორ ბიჭს მიუძღვნას.

67 წლის მომღერალმა თავისი გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა და თავისი ქორწინების გასაიდუმლოებული თარიღიც დაასახელა. 21 დეკემბერს სერ ელტონ ჯონი და 52 წლის დევიდ ფერნიში დაქორწინდებიან.

საქორწინო ცერემონია ვიწრო წრეში, უახლოესი მეგობრების და ნათესავების გარემოცვაში ჩატარდება. სულ ქორწილში 50 სტუმარს ელოდებიან. სტუმრებს შორის არიან დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, ელიზაბეთ ჰარლი, ოზი და შერონ ოზბორნები და სხვა ცნობილი ვარსკვლავები.

უცხოური გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ელტონ ჯონისა და მისი პატნიორის ქორწილი საკმაოდ დიდხანს იგეგმებოდა:

“მათ საქორწილო მზადებისთვის რამდენიმე თვე დასჭირდათ. ისინი ყველაფერს სრულიად საიდუმლოდ აკეთებდნენ. ეს უნდა იყოს ყველაზე მშვიდი, მყუდრო ცერემონია, რომელსაც ყველანი ერთად მოუთმენლად ველოდებით.”

ელტონ ჯონი და დევიდ ფერნიში 21 წელია ერთად არიან. მათ თავიანთი თანაცხოვრების ოფიციალურად დაკანონება არაერთხელ სცადეს, მაგრამ საკანონმდებლო ბარიერებს წააწყდნენ, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას ეხება. ამის გამო, ელტონმა და დევიდმა 2005 წელს ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცეს, თუმცა ამ ფიცს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამ ცერემონიალს მაშინ 650 სტუმარი დაესწრო.

წყვილს ორი შვილი ჰყავს 3 წლის ზაქარია და 2 წლის ილაი. როგორც გამოცემა წერს, წყვილის ქორწილში მთავარ როლს სწორედ მათი შვილები შეასრულებენ.