დავით ლორთქიფანიძეს პრემიით დააჯილდოვებენ

da2საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია გადაეცემა.

ეს გადაწყვეტილება სპეციალურმა ჟიურიმ მიიღო. საზეიმო დაჯილდოვება 2015 წლის 6 თებერვალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება. ლაუდაციოს წაიკითხავენ პროფესორი გია დვალი, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის დეკანი და ჰუმბოლდტის პროფესორი, ასევე მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი და პროფესორი გიუნტერ შაუერტე, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი. გერმანიიდან ასევე მოწვეულია პროფესორი რიტა ზიუსმუტი, გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის პრეზიდენტი.

“დავით ლორთქიფანიძე საქვეყნოდ აღიარებული მეცნიერი, არქეოლოგი, პუბლიცისტი, მუზეუმის გენერალური დირექტორი და კულტურული მოღვაწეა. გერმანია, გერმანული მუზეუმები, გერმანული მეცნიერება და კულტურა მის საქმიანობაში უკვე სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული თამაშობდა დიდ როლს. 1991 წელს დავით ლორთქიფანიძის ინიციატივით დაიწყო მაინცის რომაულ-გერმანული ცენტრალური მუზეუმისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ერთობლივი სამეცნიერო პროექტი, რომელიც დმანისის პალეოანტროპოლოგიურ ძეგლს იკვლევდა. სწორედ 1991 წელს აქ აღმოჩნდა ადრეული ჰომინიდის ქვედა ყბა, რასაც შემდგომში მოჰყვა სხვა დიდი მნიშვნელობის აღმოჩენები. ამ მონაპოვრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის. მათ ადამიანის ევოლუციის კვლევაში ახალ თეორიებს დაუდეს საფუძველი. დავით ლორთქიფანიძის ინიციატივით 2007 წელს ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ანტიკური კოლექციების ალტეს მუზეუმში გაიხსნა გამოფენა “მედეას ოქრო – ახალი აღმოჩენები საქართველოდან”, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავებაში. მას ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდთან, ზენკენბერგ მუზეუმთან (ფრანკურტი, გერმანია), ტიუბინგენის პალეოანტროპოლოგიურ კვლევით ინსტიტუტთან, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტთან, ბოხუმის სამთო მუზეუმთან. 2010 წელს ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის მჭიდრო, უპრეცედენტო, გრძელვადიანი თანამშრომლობის „თვინინგის“ პროექტი. პროექტის ლიდერები იყვნენ დავით ლორთქიფანიძე და პროფესორი ჰერმან პარცინგერი. ეს იყო გერმანელ და ქართველ სპეციალისტებს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისი. DVV international-ისა და გოეთეს ინსტიტუტისთვის წლების მანძილზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და დავით ლორთქიფანიძესთან მრავალმხრივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. თუ სიღრმისეულად გავიაზრებთ ქართულ-გერმანულ კულტურულ ურთიერთობებს, ასევე მსოფლიოს კულტურულ-საგანმანათებლო სივრცეში გერმანიისა და საქართველოს როლს, დავით ლორთქიფანიძე, მისი საერთაშორისო მნიშვნელობის კონტაქტებითა და ხედვით, რომელიც აერთიანებს კულტურას, განათლებასა და მეცნიერებას, გვევლინება ორ ქვეყანას შორის ფუნდამენტური კავშირების არქიტექტორად. რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო აღრმავებს საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს,” – აცხადებენ დოქტორი შტეფან ვაკვიცი, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი და მათიას კლინგენბერგი, DVV international-ის კავკასიისა და თურქეთის რეგიონალური ოფისის დირექტორი.