25 დეკემბერი, 2014

“არტპალასი” სპეციალურ მიღებას გამართავს

art25 დეკემბერს სახელოვნებო ინდუსტრია „არტპალასი“ სპეციალურ სამთავრობო მიღებას გამართავს, სადაც თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის საპრეზენტაციო ღონისძიება მოეწყობა.

პრეზენტაციაზე თბილისის საკრებულოს თავჯდომარეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეებსა და თბილისის მერიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ „არტპალასის“ ძირითად მიზნებს და ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც არტპალასი გეგმავს უახლოეს მომავალში.

მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ და გაეცნონ კომპანიის სხვადასხვა მიმართულებათა საქმიანობას. „არტპალასის“ მიზანია ხელი შეუწყოს კულტურული ცხოვრების ახლებურ განვითარებას, შემოქმედებით თაობათა ურთიერთკავშირს, საზოგადოების ცნობიერებაში კულტურულ ფასეულობათა მნიშვნელობის ამაღლებას, კულტურულ ღირებულებათა დაცვასა და განვითარებას, ხელოვნებისა და ბიზნესის ინტერესთა ჰარმონიზაციას, საერთაშორისო თანამედროვე პროექტების ადაპტირებას, საქართველოსა და მისი დედაქალაქის იმიჯის დახვეწას, ამაღლებასა და მიმზიდველობის გაზრდას საერთაშორისო კულტურული ბაზრისთვის.

სახელოვნებო ინდუსტრია მზად არის, იყოს მნიშვნელოვანი კულტურულ ღონისძიებათა ინიციატორი და ორგანიზატორი, საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებათა და ფესტივალთა იმპორტიორი, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდათა აღმომჩენი და გზამკვლევი.