„არტკედელი“ – ახალი სივრცე ხელოვანთათვის

Event-FB123 დეკემბერს თიბისი ბანკის ახალი პროექტის „არტკედელი“ პრეზენტაცია შედგება.

„არტკედელი“ ეს არის თიბისი ბანკის მიერ ხელოვანთათვის შექმნილი ახალი ციფრული სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი არტისტების ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას და მათ პოლულარიზაციას. წლის განმავლობაში თიბისი ბანკი სპეციალურად „არტკედლისთვის“ შექმნის და დააფინანსებს არაერთ საინტერესო პროექტს.

„არტკედელი“ ცნობილი ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ვიდეოხელოვნების ნამუშევრებით გაიხსნება, კოკა რამიშვილის, ნინო ჩუბინიშვილის, გიო სუმბაძის, ოლეგ ტიმჩენკოს მიერ შექმნილი ვიდეოარტებს „არტკედელი“ ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლებს.

“თიბისი ბანკის” საგამოფენო სივრცეებს, თიბისი გალერეა და თიბისი არტ გალერეა კიდევ ერთი, ციფრული სივრცე “სივრცე კედლების გარეშე” შეემატა. ჩვენი მიზანია, განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ხელოვნებისს განვითარებას. თიბისი ბანკი მომავალშიც განაგრძობს კულტურის და ხელოვნების პროექტების მხარდაჭერას,“ – აცხადებს თიბისი ბანკის მედია-კომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე.

„არტკედელის“ პრეზენტაციაზე გამოცხადდება თიბისი ბანკის ვიდეო კონკურსის შესახებ, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მისი მიზანია განავითაროს ვიდეოხელოვნების მიმართულება და წარმოაჩინოს ქართველი არტისტების საინტერესო ნამუშევრები.

ვიდეოხელოვნების კონკურსი 24 დეკემბრიდან დაიწყება და დეტალური ინფორმაციის ნახვა თიბისი ბანკის ფეისბუქ გვერდზე იქნება შესაძლებელი.