15 დეკემბერი, 2014

ანა კალანდაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა

ana-kalandadze15 დეკემბერი ქართული პოეზიის დედოფლის ანა კალანდაძის დაბადების დღეა. მას დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა.

ანა კალანდაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში დაიბადა. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით.

ქართველი პოეტი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე, ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას ინსტიტუტის გადაწყვეტილებით. წლების განმავლობაში კი მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად.

ანა კალანდაძემ ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა გაზეთ “ლიტერატურა და ხელოვნებასა” და ჟურნალ “მნათობში”. ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს, რომელმაც დიდი პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული მოუტანა. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე. ყველაზე სრულია მისი ორტომეული, სადაც ორიგინალური ლექსების გარდა დაბეჭდილია სტეფან მალარმეს, ალექსანდრე პუშკინისა და სხვა პოეტური თარგმანები, აგრეთვე წერილები, ესეები და მოგონებები.

ქართველ პოეტ-ქალთაგან ანა კალანდაძის პოეზია ყველაზე მეტად აისახება მუსიკალურ ხელოვნებაში, რადგან მან სამოღვაწეო ასპარეზზე გამოჩენისთანავე მიიპყრო განსაკუთრებული ყურადღება საკუთარი, ორიგინალური ხელწერით. კომპოზიტორმა მერი დავითაშვილმა და ჟურნალისტმა თეიმურაზ ნაცვლიშვილმა პირველებმა მიმართეს ანა კალანდაძის პოეზიას ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში და შექმნეს ვოკალური ნაწარმოებები სიმღერა “საქართველოო ლამაზო” , რომანსები “არაბი ხარ” და “თუთა”. ანა კალანდაძის პოეზიისადმი სათუთი დამოკიდებულებით გამოირჩევა კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილიც. ამას მოწმობს მის მიერ პოეტის ტექსტზე შექმნილი მეოთხე სიმფონია, რომელიც განკუთვნილია სოპრანოს, ტენორისა და ფორტეპიანოსათვის. ანა კალანდაძის ლექსებზე დაწერეს სიმღერები აგრეთვე გივი ციციშვილმა, ტარიელ ბაქრაძემ, ჯემალ ბეგლარიშვილმა, კახა ცაბაძემ და სხვებმა.

პოეტი დაჯილდოებულია “საპატიო ნიშნის” ორი ორდენით და ღირსების ორდენით. მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ციკლისათვის “თავაწეული ქართული დროშები” მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. იმავე წელს გახდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. მიიღო საქართველოს სახელმწიფო პრემია პუბლიცისტიკის დარგში თხზულებათა მეორე ტომში შესული პუბლიცისტურ-ესეისტური წერილებისათვის. გადაეცა ლიტერატურული პრემია „საბა“ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. პოეტის განცხადებით, ეს უკანასკნელი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო იყო, რადგან ამ წოდებით ნათლად ჩანდა, რომ მისი, როგორც პოეტის მისია შესრულებული იყო.

ანა კალანდაძე 84 წლის ასაკში 2008 წელს ინსუტლტის შედეგად გარდაიცვალა. პოეტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.