23 დეკემბერს ილია მეორე პატრიარქად აირჩიეს

patriarqi-copy-21(1)111123 დეკემბერი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი დღეა. ამ დღეს უწმიდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად იქნა არჩეული.

ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილმა პატრიარქობამდე დიდი და რთული გზა განვლო. სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის პატივსაცემად ილია ეწოდა. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა).

1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკვანი ილია, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი II მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, სადაც მეოთხე კურსზე დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა და სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მას საშუალება ეძლეოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. მღვდელმონაზონმა ილიამ უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად.

ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. შემდეგ კი 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში. 1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ხუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ რექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი ილია. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის, იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის პირველი რექტორი. ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში.

1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმადრიტი ილია ხელდასხმულ იქნა შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად.

1967 წელს, აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო. 1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა.

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400 წლებში.

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება:

„ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა,“ – ბრძანა საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა.

1990 წელს უწმიდესსა და უნეტარესს ილია II მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის წმიდათა დასს მრავალი წმიდანი შეემატა, მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები, საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია, თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები, საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი “ძლევაი”, ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური. ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა 53-მდე, სასულიერო პირთა 1000-მდე. მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.