17 დეკემბერი, 2014

17 დეკემბერი ბეთჰოვენის დაბადების დღეა

Beethoven117 დეკემბერი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დაბადების დღეა. გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის ოჯახში დაიბადა. ადრე ისწავლა კლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა. ის შვილს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა.

ბეთჰოვენის პირველი ნაწარმოები იყო ვარიაციები კლავირისათვის დრესლერის მარშის თემებზე. ის მოგვიანებით ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა, ისმენდა ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში. 1792 წლიდან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ჰაიდნის ხელმძღვანელობით. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება, როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა.

27 წლისას გამოუვლინდა სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ბეთჰოვენის შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი 1802 წელს დასრულდა. ამ დროისათვის შექმნილი ჰქონდა რამდენიმე სიმფონია, 17 საფორტეპიანო სონატა, მათ შორის “პათეტიკური”, “სამგლოვიარო მარშით”, “მთვარის”. მიუხედავად იმისა, რომ ბეთჰოვენი ადრეული ასაკიდან დაყრუვდა, მან უამრავი სიმფონია შექმნა.

არანაკლებ ნაყოფიერი გამოდგა ბეთჰოვენის მოღვაწეობის შუა პერიოდი, ბოლო პერიოდში კი კომპოზიტორი შემოქმედებით დეპრესიას განიცდიდა. ახალი აღმავლობა დაიწყო 1818 წლიდან და გაგრძელდა თითქმის გარდაცვალებამდე. ამ დროსაა შექმნილი მისი უკანასკნელი 5 საფორტეპიანო სონატა, 5 სიმებიანი კვარტეტი, “საზეიმო მესა” და მისი შემოქმედების მწვერვალი მე-9 სიმფონია.

კომპოზიტორი ძირითადად სიმფონიური მუსიკის სფეროში მოღვაწეობდა. მის ცხრა სიმფონიაში ნათლად აისახა კომპოზიტორის შემოქმედებითი ევოლუციის სრული სურათი. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების პირველი მწვერვალი მე-3 (“გმირული”) სიმფონია იმ მძიმე სულიერი კრიზისის შედეგად იშვა, რომელმაც კომპორიტორი ერთხანს თვითმკვლელობის აზრამდეც კი მიიყვანა. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების მეორე მწვერვალია მე-5 სიმფონია, რომელსაც ზოგჯერ “ტრაგიკულს” უწოდებენ და რომლის ფინალიც ჟღერს როგორც რევოლუციური ჰიმნი-მარში. ბეთჰოვენის სიმფონიზმის გმირული ხაზი გრძელდება მე-7 სიმფონიაში. მე-4 და მე-6 (“პასტორალურიკ) სიმფონიებში მკაფიოდ გამოჩნდა ბეთჰოვენის შემოქმედების რომანტიკული ხასიათი. მე-9 სიმფონია დაიწერა სამიოდე წლით ადრე ბეთჰოვენის გარდაცვალებამდე, იგი ყველაზე რთული, ღრმა და გრანდიოზულია მის სიმფონიებს შორის.

ბეთჰოვენმა ცხოვრების უკანასკნელი წლები თითქმის სრულ სიმარტოვესა და სიღარიბეში გაატარა. მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორი და გენიალური ნაწარმოებების შემქმნელი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.