16 დეკემბერი შიო არაგვისპირელის დაბადების დღეა

shio1ქართველი მწერალი შიო არაგვისპირელი, რომლის ნამდვილი გვარი დედაბრიშვილია 1867 წელს დუშეთის რაიონის ქარისხევში ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. ჯერ სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. ის დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და მხოლოდ ორი წლის მერე აღიდგინა თავი.

სემინარიის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში. პოლონეთში ყოფნამ, იქაურ მოწინავე ახალგაზრდობასთან ურთიერთობამ კიდევ უფრო მწვავედ აგრძნობინა საკუთარი სამშობლოს მწარე ხვედრი. მან ქართველ სტუდენტებთან ერთად ვარშავაში დააარსა “საქართველოს განთავისუფლების ლიგა”, რისთვისაც სხვებთან ერთად დააპატიმრეს. იყო ჯერ ვარშავის, შემდეგ ქუთაისის ციხეში. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, შიო არაგვისპირელი დაბრუნდა საქართველოში და ბეითლად დაიწყო მუშაობა. ამ წლებში ბევრი ხელნაწერი დაეკარგა, მარტო ერთი “მოგონება” დაიბეჭდა “ჯეჯილში”.

მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოცულობით დიდი არ არის. დაახლოებით 30 წლის მანძილზე მან შექმნა ოთხმოცამდე ნაწარმოები, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი პირველი მწერალი, ვინც შემოიტანა და დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები, ფსიქოლოგიური ნოველა, ეტიუდი, ესკიზი, სურათი. აკაკი წერეთელმა მას “ახალგაზრდა სკოლის მეთაური” უწოდა. მისი ერთი უადრესი მოთხრობა იყო “ესაა ჩვენი ცხოვრება!” აქედან დაედო სათავე ნოველების სერიებს. შიო არაგვისპირელი გულმხურვალე მამულიშვილი იყო და ნოველების მთელ წყებაში გააცხადა კიდეც თავისი დამოკიდებულება პატრიოტიზმთან და რევოლუციურ პროცესებთან. განსაკუთრებით საყურადღებოა არაგვისპირელის რომანი “გაბზარული გული”, რომელსაც თვითონვე უწოდა არაკი.

შიო არაგვისპირელმა ქართული კლასიკური მწერლობის ლიტერატურულ ტრადიციებზე დაყრდნობით და მსოფლიო ლიტერატურის მიღწევების გათვალისწინებით თვალსაჩინოდ გაამდიდრა ქართული ბელეტრისტიკა.

ქართველი მწერალი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.