იზა ორჯონიკიძე 76 წლის გახდებოდა

იზა ორჯონიკიძე 76 წლის გახდებოდა22 ნოემბერი ქართველი პოეტის იზა ორჯონიკიძის დაბადების დღეა. მას წელს 76 წელი შეუსრულდებოდა. პოეტი 4 წლის წინ 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით დასრულების შემდეგ იზა ორჯონიკიძე წლების განმავლობაში გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი იყო.

მისი პირველი პოეტური კრებული იყო “ორი დღეკეთილი”. იზა ორჯონიკიძეს ეკუთვნის ლექსების კრებულები „ნათელი“, „ქვის სასთუმალი“, „წვიმის მოსვლამდე“, „ავტოპორტრეტი“, „სასწაულია შეხვედრა ჩვენი“, “აქ, სამუდამოდ”, “დაბინდებამდე”, “ოდესღაც და სულ ახლახან”, “რომაული არდადეგები”, “წვიმიანი გაზაფხულის ქრონიკა”.

გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე გამოიცა რჩეული სამტომეული “ჩემი ოდისეა”, “სულის სახლში”, “გამოძახილი”. ამავე წელს გამოიცა იზა ორჯონიკიძის ავტობიოგრაფიული წიგნი “თავწყარო”. მას ეკუთვნის რუსი პოეტის ანა ახმატოვას ლექსების თარგმანი-კრებული “50 ლექსი” და XX საუკუნის ბერძნული პოეზიის თარგმანთა ორი გამოცემა “მახსოვს, მწყუროდა” და კონსტანტინე კავაფისის ლექსების კრებული. იზა ორჯონიკიძის პოეზია თარგმნილია რუსულ და უკრაინულ ენებზე.

ის იყო ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტულით. საქართველოს პრეზიდენტმა მას შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გადასცა.