დევიდ ლინჩი თბილისშია

19 ნოემბერი, 2017

მსოფლიო კინოს ლეგენდა, რეჟისორი, მწერალი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი თბილისშია. იგი საქართველოში რამდენიმე საათის წინ პირადი თვითმფრინავით ჩამოფრინდა.

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი თბილისში საკუთარი ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბობ როტთან ერთად ჩამოვიდა.

ორგანიზატორების თქმით, დევიდ ლინჩსა და მის გუნდს საქართველოს კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა.

„გავიცნობ თქვენს ქვეყანას. პირველად ვიმყოფები საქართველოში, გაიმართება შეხვედრები და საჯარო ლექცია“, – განუცხადა ჟურნალისტებს დევიდ ლინჩმა.

დევიდ ლინჩი 20 ნოემბერს 12 საათზე თბილისი მარიოტში ჟურნალისტებს შეხვდება, 19 საათზე კინოთეატრ “ამირანში” მისი ფილმის “მალჰოლანდ დრაივის” ჩვენება მოეწყობა, კლუბში “ხიდი” კი დევიდ ლინჩი მისი შემოქმედების მოყვარულებს შეხვდება და საქართველოში დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის გახსნაზე ისაუბრებს. ღონისძიება კითხვა–პასუხის რეჟიმში გაიმართება.

„დევიდ ლინჩის ფონდი კავკასიაში” 2017 წლის 25 ივლისს დაარსდა. მისი პრეზიდენტი რეჟისორი გიგა აგლაძეა. ფონდი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს და რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს.

გააზიარეთ

 
...