“ჩემი ანდერძის დასასრული: … ჩვენო შვილებო”

24 ნოემბერი, 2016

1mixeil-javaxishvilis-istoria– მე, მწერალი, დღეს სასაფლაოზე ვცხოვრობ. ირგვლივ ვაება და კაეშანია. მეუბნებიან, გმირული რამ დასწერეო. თუ სხვებთან ერთად ვიგლოვე – თავში ჩამირახუნებენ, თუ ავტლიკინდი – სირცხვილით დავიწვები. ვარ მდუმარე და დარდიანი, – ეს სიტყვები მწერალ მიხეილ ჯავახიშვილს ეკუთვნის, რომელიც უბის წიგნაკში ჩანაწერებს მუდმივად აკეთებდა.

“არტინფო” მწერლის უბის წიგნაკიდან ყველაზე მნიშვნელოვან ჩანაწერებს გთავაზობთ:

ვინც მუდამ იხედება თავის სულში, ის მუდამ ხედავს მხეცს, ნანობს. და თვითონვე აკრავს თავის თავს ჯვარზე. სწუხს, იგლიჯება. (და ჯვარცმულია)

ბაზალეთის ტყის ძირიდან განგებამ ოქროს აკვანი ამოიღო. იმავე განგებამ სამი წლის შემდეგ წითელ ხიშტით უკანვე ჩააგდო.

ჩემი სახლიდან თეატრამდის 1924 წ. 15-იან ყინვაში 40-ზე მეტი დავთვალე უპალტოო.

X ისეთი ღარიბი იყო, რომ წინ მარტი უჩანდა და უკან აპრილი.

ჩვენი ქალაქი იმიტომ ინგრევა, რომ მსხვილმანს დაედევნენ (ჯებირი, ხიდი, კოჯრის გზა, აბანოების უბნის დანგრევა) და წვრილმანი კი დაივიწყეს – (ტრამვაი, ქუჩა, შენობა). წვრილმანის და მსხვილმანის თეორია.

სახელმწიფო მანქანას ყალიბი არა აქვს. იგი ხალხს ამსხვრევს და ნაგლეჯებს აქეთ-იქით ჰყრის.

საქ-ში მილიონი კრება და წარმოდგენა მაინც ყოფილა. არც ერთი არ დაწყებულა დროზე. კულტურაზე ლაპარაკი ზედმეტია.

ვაჟას და სხვას უკვე „შეუსწორეს“ ქართული.

დღევანდელი ქართული მწერლობა, ხელოვნება და მეცნიერებაც, მეტად მცირე გამონაკლისის გარდა, მოსკოვის ნაბუშარია. საკუთარი ქართული სული იშვიათად მოსჩანს სადმე. მხოლოდ სრულ თავისუფლებას შეუძლიან ეს უცხო სისხლი მოგვაშოროს. მხოლოდ ქართულის ფოლადურ რომანტიკას შეუძლიან სავსებით განგვკურნოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენს ირგვლივ და ჩვენს სულიერ-ფიზიკურ ცხოვრებაშიც ნამდვილი გამაჯანსაღებელი კატაკლიზმი მოხდეს – „ჩვენ კი – ჩვენ ჩვენს თავს არ ვეყუდნით“ და ამიტომ მოლოდინის მეტი აღარა დაგვრჩნიარა.

ილია ჭავჭავაძე ხელოვნებაში უკიდურესი რადიკალი იყო, პოლიტიკაში კი მემარჯვენე. ანატოლ ფრანსი კი პირუკუღმა; სიტყვით მაინც კომუნისტია, ხელოვნებაში კი მემარჯვენე. განვითარდეს.

ილიას ძალიან უყვარდა სიმღერა „ბერი კაცი ვარ და ნუ მომკლავ“ და ხშირად ამღერებდა გლეხობას. არ აცდა. მისი სიბერეც არ დაინდეს და მოჰკლეს. ეს სიმღერა სიმბოლოა მისი სიკვდილის.

ილია ჭავჭავაძის მკვლელი ყაჩაღ იმერლიშვილთან მივიდა და უთხრა: „ძმად უნდა გაგეფიცო“. „ვინა ხარ?“ – „მე ძაღლი მოვკალი“ – „ვინა?“ – „ილია მოვკალი“. იმერლიშვილმა იქვე მოკლა.

2/VI -25 წ. მუხრანში ვიყავი. ილია ჭავჭავაძის მკვლელი მაჩვენეს. არ დავიჯერე. ლევან მეტრეველმა დამიდასტურა. შუა ტანის ჩასხმული მხეცი. ხშირი ულვაში. გრუზა. გმირად არის ჩათვლილი. ეხლა ყოველივე ცხადია. მაგონდება: 1909 ან 10 წელს სამიოდე იმის ამხანაგს სიკვდილი გადაუწყვიტეს. საზოგადოებამ პატიება სთხოვა. ოლღასაც მიაწერინეს წერილი. აპატიეს. მაგრამ ისტორია გვაპატიებს? დიდად მნიშვნელოვანი ფაქტია. დაწვრილებით განვითარდეს. ეს კაცი მერე ხვრეტდა იმ ხალხს, რომელთაც ის გადაარჩინეს.

ბერბიჭაშვილი – ილიას მკვლელი 1925/XII აირჩიეს ც.საკ.კომ. წევრად!!!

კადეტის კარავაევის მკვლელებს (1906წ.) ეხლა ასამართლებენ, ილიას მკვლელი ბერბიჭაშვილი კი საკ. კომ-იის წევრია: ცხადია ყოველივე.

მე XIX ს-დან დღევანდლამდე ჩვენი ლიტერატურა ორპირი გამოძახილია ევროპის. იქაური ხმა ჯერ მოსკოვში მოისმის, შემდეგ რუსულად გარდაიქმნის და მერმე ტფილისში ოდნავი შესწორებით მეორდება.

სამი ფორმულა „ქართულ მწერლობაში“ 1) ჯერ ძველი უნდა დაინგრეს, მერმე ახალი აშენდეს; 2) ჯერ ახალი აშენდეს, მერმე ძველი დაინგრეს; 3) ერთად აშენდეს და დაინგრეს.

პანკისელ ქისტებს თათრული სკოლა გაუხსნეს. ერთი სიტყვაც კი არ ესმით თათრული. მათი დედაენა ქართულია.

კოწია თავართქილაძემ სტამბებით და წიგნით გასტენა საქ-ლო. ოცჯერ იჯდა ციხეში ჩუმი ლიტერატურის გავრცელებისთვის. ეხლა ერთი ჯაგლაგა ცხენი ჰყავს, ბარგს ეზიდება და იმ ცხენზე უარესად ცხოვრობს.

გაკოტრებული მწერალთა კავშირი სამ ლექციას უმართავს ანდრეი ბელის და ფულს აძლევს. მეტრეველი და სხვები კი თითო წლობით დასდევენ თავიანთ სამთუმნიან ვალებს.

მწერალთა სასახლეში ორი მამულიშვილის სურათი ეკიდა. ერთი მათგანი – დ.ყიფიანი რუსებმა მოჰკლეს, მეორეს კი – დიდი ილიას ქართველებმა გაუხვრიტეს შუბლი. ბოლშევიკებს ძილი უფრთხოდათ. ყიფიანის სურათი ქურდულად გააპარეს, ილიას კი ჯერ ერიდებიან, მაგრამ მისი დროც დადგება.

სანამ მკითხველი იყო, ლიტერატურაც იყო. იბეჭდებოდა წიგნები, ჟურნალები. წრეულს კრიზისი დაიწყო. მკითხველმა უცებ იხუვლა და გაიქცა. წიგნი აღარ იყიდება. „მნათობს“ 1200 ხელმომწერიდან (იანვარში) დარჩა 400 (სექტემბერში). ამას აუცილებლად მოჰყვება ლიტერატურის გაუქმებაც. ჩემით დაიწყეს – დამითხოვეს. სხვებიც მომყვებიან. ხელისუფლებას სჭირდება მხოლოდ ქვემძრომი ფინაჩები. უხვად არიან. ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო.

ქართულ ენას ზაფრანის ფერი დაედო. მოდუნდა, გაღატაკდა, დაიგრაგნა, მოიკრუნჩხა, თითქო დამბლად დაეცაო, თითქო სიკვდილის ლანდი მოეჩვენაო. ქართველი თითქმის დამუნჯდა. უკვე დაბლუვდა: ბორძიკებს, ვარდება, ბლუკუნებს.

დღევანდელ ქართველ მწერალს რწმენა აკლია, და კრიზისის სათავეც სწორედ აქ არის. რასაც ამბობს, არა სჯერა და რაცა სჯერა, ვერ სწერს. როცა სატირალი აქვს, იცინის და სადაც ეცინება, სტირის. ამიტომ არის მისი პათოსი ყალბი და მჩატე. მოჰგლიჯეთ პირიდან ბოქლომი და ნახეთ: ისე ატირდება, რომ მისი ცოდვით ქვაც კი დადნება და ისეთ ლოცვას იტყვის, რომ ღვთისმშობელსაც კი გააცოცხლებს.

„ჩვენ ვიმარჯვებთ, თქვენ კი მარცხდებით“ – წარამარად იკვეხნიან პროლეტმწერლები. ყველა ლომები რომ ამოვჟლიტოთ, ტურაც კი ლომად გასაღდება – აი, ჩემი პასუხი.

გინდათ დღევანდელი ჩვენი კულტურული დონე გაიგოთ? შეიხედეთ საზოგადო საპირპარეშოებში და წარწერებიც გასინჯეთ, თუნდაც დიდ დაწესებულებაში.

ქრისტე რომ ჩამოვიდეს და ქართველებში დასახლდეს, მეორე დღესვე თავში ჩავუფაჩუნებტ, ან ხელს გადავხვევთ და ასე ავლაპარაკდებით: „ბიჭო იესო, როგორა ხარ? რასა იქ შე ჩემო ნალავ? წამო ერთი ჩარექა დამალევინე“…

ჩვენ ქართველებს, ჩვენი ღმერთი გვყავს, რომელიც მხოლოდ ქართულად ლაპარაკობს და სხვა ენა არ იცის.

თვითონ ღმერთსაც სჭირდება რეკლამა, ჩვენზე უფრო მეტიც, რადგან მისი არსებობაც საეჭვოა, ჩვენ კი უცილობელი ფაქტი ვართ.

ქართველს ვერაფერში დააჯერებ. უნდა მიიყვანო იქამდე, რომ თვითონვე შეიგნოს. ორმოც წელიწადს ვაჯერებდი – სოციალიზმი უუდიდესი უბედურებააო, რომ რუსის მუჟიკს უფრო მეტი აქვს მეზობლის შეჭმის მადა, ვიდრე აზნაურს. დაიჯერა მხოლოდ დღეს, როცა იმის ზურგზე დამტკიცდა ეს ცხადი ჭეშმარიტება.

ჩემო ტფილისო: შენ რომ სახე გქონოდა, ერთს შეგაფურთხებდი, სილას გაგკრავდი. მერე ფეხებში ჩაგივარდებოდი, მუხლებს დაგიკოცნიდი და ბავშვივით ავტირდებოდი.

საქ-ლო ისეთ დღეშია, რომ ერთი პატარა ბანკი იყიდის და გაჰყიდის ჩვენს მიწა-წყალს, ხალხსა და სინდისს.

ჩემი საიდუმლოდ მუშაობა პარტიაში 1921-23 წლებში ჰგავდა იმ ადამიანის საქციელს, რომელმაც ცურაობა არ იცის, მაგრამ სხვის დასახსნელად ისკუპა ხიდიდან და წყალში გადავარდა. ამის ახსნა შეუძლებელია. აქ მუშაობს იდუმალი ძალა – ალღო მოძმის მიშველებისა. და ამ ალღოს ასჯერ მეტი ძალა აქვს, ვიდრე შეგნებას.

ჩვენი ეპოქა – რევოლუცია ჩემთვის საშინელი ტრაღედიაა, ვინაიდან ჩემს თვალწინ კვდება ძველი ქვეყანა – დედა, ზოგისთვის კი უზენაესი სიხარულია, ვინაიდან იბადება შვილი – ახალი ქვეყანა. ამიტომ არის მგლოვიარედ გუშინდელი პოეტი, ამიტომვე ხარხარებს დღევანდელი ჭაბუკი კომკავშირიდან. სჯობდა, სჯობდა ან უფრო ადრე გავჩენილიყავი, ან უფრო გვიან.

ჩემი ბედი ძლიერ ჰგავს გ. ერისთავის, ორბელიანებისა და სხვათა ბედს. ჯერ სიკვდილი გადაუწყვიტეს, მერე აპატიეს. დიდი მწერლები გამოვიდნენ. ჩეკაში ამაზე ვფიქრობდი.

მაგონდება: ჩეკას საკანში მაწვალებდა ტყე – უღრანი, ტევრი, დაბურული. გამოვედი და „ტყის კაცი“ დავწერე.

მე ჯერ არ მითქვამს ჩემი სათქმელი, ნაადრევია ჩემი სიკვდილი.

ერთმა ქათამმა თავი ჩამოიხრჩო და ასეთი წერილი დასტოვა: „მე დღეში მხოლოდ 1 კვერცხის დადება შემეძლო, და მე კი წკეპლით მთხოვდნენ 4-ის დადებას“. ამ ქათმის დღეშია დღევანდელი ქართული მწერლობაც.

„25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითი-დღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ“. („ძაღლი“)

მე, მწერალი, დღეს სასაფლაოზე ვცხოვრობ. ირგვლივ ვაება და კაეშანია. მეუბნებიან, გმირული რამ დასწერეო. თუ სხვებთან ერთად ვიგლოვე – თავში ჩამირახუნებენ, თუ ავტლიკინდი – სირცხვილით დავიწვები. ვარ მდუმარე და დარდიანი.

ერთი დღისა მეშინიან: დრო მოვა და ჩემი ბინის წინ შავი ბალდახინი გაჩერდება.

ჩემი ტრაღედია: არა მყავს მემკვიდრე – არც ფიზიკური (ვაჟი), არც სულიერი ლიტერატურაში.

მე მუდამ ვკივი: მემკვიდრე, მემკვიდრე, მომეცით მემკვიდრე!

ჩემი ეპიტაფია: „აქ მარხია მიხ. ჯავახიშვილის ფერფლი, მეტი არაფერი“.

ჩემი ანდერძის დასასრული: … ჩვენო შვილებო, დაივიწყეთ ეგ რუსული ისე მკვიდრად, რომ ერთი სიტყვაც არ გაგახსენდეთ.

გააზიარეთ