31 ოქტომბერი, 2016

ქართველი მხატვარი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია

1levan-songulashvili1ნიუ იორკის სოთბის სააუქციონო სახლში გამართული Take Home a Nude აუქციონის შემდეგ, სადაც ქართველი მხატვრის ლევან სონღულაშვილის ნახატი “მონაზონი” ამერიკელმა კოლექციონერმა შეიძინა, ჟურნალმა “Guardian”-მა, “BroadwayWorld”-მა, “Artsy”-მ და სხვა საინფორმაციო საშუალებებმა, ლევან სონღულაშვილის 5 წუთიანი ჩანახატის თანხლებით, სადაც იგი პოპია გამოსახული, მომდევნო გამოფენის დეტალები დააანონსეს.

საერთაშორისო მედიის ყურადღება ამჯერად მიპყრობილია წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უჩვეულო ექსპოზიციისკენ, “Iggy Pop Life Class”, რომელიც ბრუკლინის მუზეუმში 4 ნოემბერს გაიხსნება.

გამოფენის ორგანიზატორი ტერნერის პრიზიორი, ბრიტანელი კონცეპტუალისტი არტისტი, ჯერემი დელერი და ბრუკლინის მუზეუმია. სწორედ დელერმა და შერონ მეთ ეტკინსმა, ბრუკლინის მუზეუმის გამოფენებისა და კოლექციების მართვის ვიცე დირექტორმა, შეარჩიეს ლევან სონღულაშვილი ამ უნიკალური პროექტისთვის, რომლის ფარგლებშიც მხატვარმა 4 ნამუშევარი შექმნა (5 წუთიანი ჩანახატები, 10 წუთიანი ესკიზი და ნახატი), რომელიც გამოიფინება ეგონ შილეს, მაქს ბეკმანის, დენიელ ჰანთინგთონის შემოქმედებასთან; ედვარდ მაიბრიჯის, ჰორეს ბრისტოლის, ჯილ სტეინჰარდტის, რობერტ მაფლეტროფის, ჯონ კოპლანის ფოტოებთან; ძველი ეგვიპტის, აფრიკის, ინდოეთის, იაპონიისა და მექსიკის ქანდაკებებთან და სხვა, შერჩეული მხატვრების ნამუშევრებთან ერთად.

გამოფენის გახსნის დღეს შედგება ამავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია “Iggy Pop Life Class”, სადაც ლევან სონღულაშვილისა და სხვა ხელოვანების მიერ შექმნილი 107 ნამუშევარია შესული. ასევე, ხატვის პროცესის ამსახველი ფოტოები და ბრუკლინის მუზეუმის კოლექციაში დაცული შედევრები. წიგნი გამოიცა ბრუკლინის მუზეუმის მიერ ლონდონის გამომცემლობასთან, “Heni Publishing”-თან თანამშრომლობით.

გამოფენა ბრუკლინის მუზეუმში 2017 წლის 26 მარტამდე გასტანს და შემდგომ შეერთებული აშშ-ს სხვა წამყვან გალერეებსა და მუზეუმებში იმოგზაურებს.