27 მაისი, 2016

რუსთავის თეატრი გრანპრის მფლობელია

1rustavis-teatriეს კვირა საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა ქართული თეატრებისთვის. სიღნაღის, ცხინვალის, რუსთავის და ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებმა სხვადასხვა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე პრიზები მოიპოვეს.

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრმა თურქეთში, სიდეს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გრანპრი მიიღო.

ინფორმაცია რუსთავის თეატრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა:

“გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრმა თურქეთში, სიდეს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე უმაღლესი ჯილდო – გრანპრი მიიღო. ნაჩვენები იყო გოდერძი ჩოხელის ,,ადამიანთა სევდა”, რეჟისორი თამარ ხიზანიშვილი. ასევე დაჯილდოვდნენ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ლევან სვანაძე ,,აქტიური თეატრალური მოღვაწე”, ქალბატონი ნათელა მუხულიშვილი ,,თეატრალური ხელოვნების საგანძური”, ირაკლი (კუკური) ბექაია ,,თეატრალური ხელოვნების საგანძური”.