23 იანვარი, 2016

გელოდი ფოცხიშვილი: ,,გრცხვენოდეთ!”

1gelodi-focxishviliქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის “მეტეხი” დამაარსებელი და ხელმძღვანელი გელოდი ფოცხიშვილი ქართული კულტურის გარშემო ბოლო პერიოდში დაწყებულ ვნებათაღელვას და ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მიიღონ საჭირო ზომები ქართული კულტურის დასაცავად.

გელოდი ფოცხიშვილი:

“შემაძრწუნებელი მასალა მოვიძიეთ… ეს საშინელებაა და უფრო მეტიც – ვინაა ხმის ამომღები? ჩვენი მთავრობა? ჩვენ მთავრობას არაფერი არ აინტერესებს განსაკუთრებით კულტურა, მაგაში დროს არავინ არ დაკარგავს.

ჩვენი მიწები ხომ დაირიგა ჩვენმა ვაჟკაცმა მეზობლებმა ეხლა ცეკვების დასაკუთრება დაიწყეს. ახია ჩვენზე ყველაფერი… ცოტა ხანში დედა გეტირება ქართველო, მერე გაგზავნე შენი უნიჭო შვილი სასწავლებლად ამერიკაში ან ევროპაში… ვაი, თქვე ზოგიერთო ნამუს დაკარგულო ქართველებო, გრცხვენოდეთ!”

გელოდი ფოცხიშვილის პათოსს იზიარებს მისი შვილი, მოცეკვავე და ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი და შესაბამის ორგანოებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დავით ფოცხიშვილი:

“ესეც იმ “სომხების” “Gevorkian Dance Academy” ვართან გეორქიანის აკადემიის მიერ თვის პროგრამაში შეტანილი მორიგი “ქართული ცეკვა” და ჩემი ანსამბლ “მეტეხის” ფონოგრამა, რომელიც გელოდი ფოცხიშვილმა 40 წლის უკან ჩაწერა ომარ კელაპტრიშვილთან ერთად საქართველოს “მელოდიაში” ჩვენი ანსამბლისთვის და ასევე ჩვენი ერისთვის სრულიად ახლებური არანჟირებით…

კარგად უყურეთ სომხების მიერ შესრულებულ “ქართულ ცეკვას” საერთოდ დარღვეულია ყველანაირი ქართული ცეკვის ნიუანსი.

არ დაგავიწყდეთ, რომ ეს “გევორქიანის აკადემია” ამერიკაში არის ერთ-ერთი ძალიან ანგარიშგასაწევი ანსამბლი. მთელი დღე ვათვალიერებდი ამ დასს და რაც ვნახე, ეს უკვე ამტკიცებს იმას, რომ ისინი პირდაპირ პოპულარიზაციას უწევენ “სასომხეთს” ქართული ცეკვებით და არც ახსენებენ საქართველოს…

ყველაზე შემაძრწუნებელი ფაქტი ის არის რომ, მათ ცეკვებში ძალიან ბევრი ქართული ცეკვის ელემენტია… ისე ლამაზად აქვთ აღებული ჩვენი ილეთები, რომ რამოდენიმე საუკუნეში ვერც მიედავებიან ჩვენი მომავალი თაობები. ისინი კონცერტებს მართავენ ამერიკის ყველაზე უმაგრეს თეატრებში როგორიც არის: ლინკოლნის ცენტრში, დოლბი თეატრში ლოს-ანჯელესში, სადაც იმართება “ვარსკვლავების” დაჯილდოვება… ეს ფაქტი რაც ხდება, ჩათვალეთ რომ დამწერლობას გვართმევენ…

მოვუწოდებ ყველას, ვისაც პატარა პატრიოტული ნამცეცი გააჩნია ჯიგარში, რომ ცოტა გამოფხიზლდით! კულტურის სამინისტროში უნდა გაკეთდეს რაღაც პატარა ოთახი, სადაც რამოდენიმე ადამიანი გააკონტროლებს ქართული ცეკვის პოპულარიზაციას მსოფლიოში და ასევე დაიცავს ქართულ ცეკვას ამდაგვარი ფაქტებისგან…

კარგია ძეგლების გაშპაკლვა, მაგრამ ეს ძეგლი, რასაც ქართული ცეკვა ჰქვია, უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ცოცხალი ძეგლია.

ერთი ქართული ანსამბლი მაინც იყოს “ამერიკაში” პატარა პოპულარიზაციას მაინც გაუწევდა ქართულ ცეკვას… სამწუხარო ფაქტია! და ამ თემაზე ჩემი ოჯახი პირველი იყო ვინც ახმაურდა!…”